iPhone Extreme-ი არ არსებობს, ტექსტში შეცდომაა

როგორც უკვე გაცნობეთ Apple-ის საიტზე აღმოჩენილ იქნა iPhone-ის ახალი მოდელის – iPhone Extreme-ის ხსენება.

შემთხვევითი აღმოჩენა მოხდა iPhone-ის მფლობელებთან უკუკავშირის დასამყარებელ ვებ-გვერდზე, რომლის წყაროებშიც გაწერილი იყო „ახალი“ პროდუქტი სახელად iPhone Extreme. იმის გათვალისწინებით, რომ ქსელში დიდი ხანია დაიარება ხმები ტელეფონის მეორე თაობის შესახებ, აღნიშნული ამბავი ყუათიან ნიადაგზე მოხვდა და გაიფურჩქნა!

ყველამ ერთბაშად გაიხსენა, რომ ცუდი არ იქნებოდა, თუ ახალ მოდელში გაჩნდება GPS-ის და რადიოს მხარდაჭერა, ვიდეოს ჩაწერა და ფოტო-ციმციმა. მოკლედ, ფანტაზია გაიფურჩქნა!

ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა, ვინაიდან უკვე დილისათვის AppleInsider-ისთვის ცნობილი გახდა, რომ iPhone Extreme-ი ტექსტის აკრეფვის შეცდომაა და მეტი არაფერი. საქმე იმაშია, რომ უკუკავშირის აღნიშნული ფორმა შეიქმნა AirPort Extreme-ის გვერდის შაბლონის საფუძველზე. ამიტომაც, როდესაც დააკოპირეს ეს გვერდი ახალი გვერდის შესაქმნელად, უბრალოდ დაავიწყდათ არასაჭირო ტექსტების წაშლა.

ამ დროისათვის აღნიშნული გვერდი უკვე აღარ შეიცავს რაიმე ორაზროვან კოდს.