Categories
Apple ყველა სტატია

რა იქნება შემდეგ iPhone-ში?

ბოლო დროს ინტერნეტში მომრავლდა ინფორმაცია და ვარაუდები იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ახალი iPhone-ი. ის, რომ ახალი მოდელი გამოვა, ორი აზრი არაა. სავარაუდოდ ივნისის WWDC-ზე უნდა გამოვიდეს.

ასევე ივნისში უნდა დაბრუნდეს ბიულეტენიდან სტივ ჯობსი, რომელიც იანვარში დროებით ჩამოშორდა აქტიურ საქმიანობას მკურნალობის გამო. სავარაუდოა (თუ გავითვალისწინებთ სტივის ხასიათს და მის სიყვარულს ეფექტური სვლებისადმი), რომ ის სიამოვნებით გამოიყენებს ამ შესაძლებლობას ტრიუმფალური დაბრუნებისათვის.

ახლა გადავიდეთ iPhone-ის ახალი მოდელის სავარაუდო კონფიგურაციაზე.

ჯერ ერთი, მას ექნება ახალი კამერა. რაც პრინციპში არაა გასაოცარი, ვინაიდან ორივე თაობის აიფონს საკმაოდ მარტივი და მოძველებული ტიპის კამერა აქვთ 2 მეგაპიქსელიანი, ავტოფოკუსის და სხვა გემრიელობების გარეშე. სავარაუდოდ ახალი კამერა 3,2 მპ-იანი იქნება. ამის გარდა არსებობს დადასტურებული ინფორმაციაც, რომ ეფლმა შეუკვეთა აგრეთვე 5 მპ-იანი კამერებიც. თუ რა მოწყობილობაში იქნება ისინი გამოყნენებული ჯერ არ ვიცით (iPhone Pro?).

მეორეც, ხელმარჯვე ოსტატებმა ახალ, iPhone OS 3.0 მიკორკოდში უკვე მოძებნეს მინიშნებები იმის შესახებ, რომ ახალ მოდელში დაემატება ვიდეოს რედაქტორი. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ დამატებული იქნება აგრეთვე ვიდეოს გადაღების ფუნქცია (დიდება სტივს! :D). სხვა წყაროები აცხადებენ, რომ ახალ iPhone-ში იქნება აგრეთვე ფრონტალური კამერაც, რომლის სახელიც ყველა მაკისტმა იცის – iSight. ანუ ეს ნიშნავს, რომ იქნება ვიდეო ზარების მხარდაჭერაც (პოლიქრონიონ, სტივ! :D).

კიდევ ერთი საინტერესო, პოტენციური შესაძლებლობა – უსადენო კავშირის ახალი, WiFi 802.11n სტანდარტის მხარდაჭერა. მიმდინარე მოდელებში აიფონში მხარდაჭერილია მხოლოდ b და g ვერსიები. რათქმაუნდა, ახალ სტანდარტს ესაჭიროება მეტი სიმძლავრე, მაგრამ არის ინფორმაცია, რომ Broadcom -ის ახალი ჩიპი სპეციალურად მცირე სიმძლავრისა იქნება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ავირჩიოთ თუ რა სიხშირეზე ვუმუშაოთ. მომხმარბელს შეეძლება აირჩიოს – ან აკუმულატორის მუშაობის ხანგძლივობა ან ახალი სტანდარტი.

გამომზეურდა აგრეთვე ერთი საინტერესო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Broadcom-ის ჩიპში ჩადებულია რადიოსიგნალის მიღება/გადაცემის შესაძლებლობა FM დიაპაზონში. აი ეს უკვე საინტერესოა თუნდაც იმით, რომ შესაძლოა აიფონში გჩნდეს რადიო მიმღები!

მოკლედ, წინ ცხელი და ძალზედ საინტერესო ივნისი გველის – სტივს აქვს რა გვჩვენოს და დაიკვეხნოს. და ამ ყველაფერთან ერთად თუ ისე მოხდა, რომ სტივი დაგვიბრუნდება, მაკისტების სიხარულს საზღვარი არ ექნება.