გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

ძვირფასო მეგობრებო! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ მომავალ 2011 წელს თქვენი ყველა სურვილის ასრულებას, ბევრ მაკს, ბედნიერებას, წინსვლას, წარმატებას!

Happy New Year
Happy New Year

P.S. [1 იანვარს, სადღაც უკვე დილის 4 საათზე გახურებული ქეიფის დროს]: მოდით, ამ პატარა ჭიქით და დიდი გულით ჩვენს სტეფანეს გაუმარჯოს-ჯოს-ჯოს!

Happy New Year
Happy New Year

:)))

Apple-ის 2011 წლის კალენდარი

შემდეგი წელი ჩვენი საყვარელი კომპანიისათვის ძალიან დატვირთული უნდა გამოვიდეს სიახლეებით. როგორც უკვე ვიცით, 2011 წლის დასაწყისში გაეშვება ახალი სერვისი — Mac App Store, აგრეთვე მოსალოდნელია iPhone-ისა და iPad-ის ახალი თაობების გამოსვლა. თუმცა, სტივის გადამკიდე, მარტო ეს არ იქნება სურპრიზების ჩამონათვალში. ჟურნალის ComputerWorld ექსპერტებმა გადაწყვიტეს გაერისკად და შეექმნათ ეფლის პროდუქტების გამოსვლის კალენდარი. რათქმაუნდა მას სუფთა თეორიული სახე აქვს, ამიტომ ძალიან ნუ გავბარზდებით, თუ რელაობას არ დაემთხვევა. მაშ ასე, შევუდგეთ: იანვარი

  • მუშაობას იწყებს Mac App Store;
  • Apple-ი წარმოადგენს iPad 2-ს – უფრო სწრაფს, უფრო თხელს და ორი კამერით აღჭურვილს. გაყიდვა დაიწყება აპრილში;
  • Apple-ი იუწყება 1-ლი კვარტლის ფინანსური შედეგების შესახებ: Mac-ის, iPhone-ისა და iPad-ის გაყიდვები სულ  უფრო იზრდება;
  • იწყება iWork 11-ის გაყიდვა App Store-ში;
  • News Corp. გაყიდვაში უშვებს ელჟურნალს The Daily iPad-ისათვის.

თებერვალი

  • Aperture მიიღებს განახლებას;
  • ჩამოტვირთულია პირველი მილიონი აპლიკაცია Mac App Store-იდან. ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს iWork-ი და უფასო თამაშები;
  • გაცხადდება iAds-ის საგაზაფხულო პარტნიორების სია, თუმცა რეკლამიდან შემოსული თანხა საიდუმლოდ დარჩება;
  • iTunes-ის განახლებულ ვერსიაში ტელეგადაცემების ტრანსლაციის შესაძლებლობა დაემატება. საკაბელო ტელეკომპანიების აქციები გადასაყრელი ხდება.

მარტი

  • გაყიდვაში გამოდის iPhone-ის ვერსია Verizon-ისათვის;
  • იწყება თეთრი iPhone-ის გაყიდვები, თუმცა რაოდენობა შეზღუდულია;
  • iBookstore-ში გაჩნდება ვებ-სერვისების მხარდაჭერა;
  • ეფლის გამოუშვებს სპეციალურ ხელსაწყოს iBookstore/iTunes Extra-ში შიგთავსის შესაქმნელად, მომავალში ეს ხელსაწყო iLife-ის ნაწილი ხდება.

აპრილი

  • Apple-ი განაახლებს MacBook Pro-ებს, ზოგიერთ მოდელში აღარ არის ჩაყენებული ოპტიკური დისკწამყვანი და ხისტი დისკების ნაცვლად SSD-ებია გამოყენებული;
  • Apple აქვეყნებს მეორე კვარტლის შედეგებს;
  • iPad 2 გამოდის გაყიდვაში, პირველივე დღეს გაყიდვების რაოდენობა მილიონს აღწევს;
  • Final Cut Studio განახლდება 64-ბიტამდე და იღებს მძლავრ ხელსაწყოებს iAd-ისათვის;
  • iMac-ის ახალი ვერსია იყიდება Magic Trackpad-ით.

მაისი

  • iPad 2-ის გაყიდვები პირველი ორი თვის განმავლობაში აჭარბებს 6 მილიონ ცალს;
  • გამოდის Logic Studio-ს განახლება, რეალურ დროში მიქშირების დამატებითი ფუქნციებით.

ივნისი

  • სტივი სიტყვით გამოდის WWDC-ზე;
  • WWDC-ის ფარგლებში ხდება iPhone 5-ის პრემიერა;
  • WWDC-ზე წარმოდგენლია OS X Lion-ის ბეტა-ვერსია;
  • Safari 6 გვთავაზობს Flash-ის გაუმჯობესებულ მხარდაჭერას, მაგრამ ეს ტექნოლოგია ხდება ოფიონალური;
  • OpenJDK Project წარმოგვიდგენს Java-ს სრულიად დატესტილ ბეტა-ვერსიას OS X Lion და Snow Leopard-ისათვის;
  • წარმოდგენილია ოპერაციული სისტემა iOS 5, რომელშიც დამატებულია მრავალი ახალი ფუნქცია.

ივლისი

  • იწყება iPhone 5-ისა და iPad 2-ის გაყიდვები აშშ-ს ფარგლებს გარეთ;
  • Apple აქვეყნებს მესამე კვარტლის შედეგებს;
  • წარმოდგენილია სამაგიდე სისტენების განახლებები. Mac Pro-ში დამატებულია LightPeak-ის მხარდაჭერა.

აგვისტო

  • Apple-ი ატარებს მუსიკალურ ღონისძიებას და წარმოგვიდგენს ახალ პროდუქტებს, მათი გაყიდვები სექტემბერში იწყება (იხ. ქვემოთ);
  • Apple-ი წარმოგვიდგენს Android-ის ემულატორს iPhone-ზე.;
  • ჯოჯოხეთი იყინება: iTunes-ი საშუალებას აძლევს Android-ის მფლობელებს შეიძინონ მუსიკა iTunes Store-ში.

სექტემბერი

  • გამოდის iTunes 11 ღუბელოვანი მუსიკალური სერვისების მხარდაჭერით. „ჩვენ ამაზე ძალიან დიდხანს ვიმუშავეთ“, აცხადებს ჯობსი ამ განახლების წარმოდგენისას;
  • იწყება ახალი iPod touch-ის გაყიდვები, რომელიც დაფუძნებულია iPhone 4-ზე და გააჩნია უფრო დიდი მეხსიერება;
  • iPod nano-ს ცვლის iPhone nano: მას აქვს პროცესორი A4, მხარს უჭერს ხმოვანი გამოძახების ფუნქციებს და გააჩნია კომპაქტური კორუსი;
  • iPod classic იხსნება წარმოებიდან;
  • Apple TV მიიღებს ახალ (A5?) პროცესორს.

ოქტომბერი

  • გამოდის Mac OS X Lion-ის ფინალური ვერსია;
  • iOS 5.1-ის დებიუტი — iOS/OS X გაფართოებული ინტეგრაციით;
  • გამოდის iLife 12 რამოდენიმე ღრუბელოვანი ფუნქციით. ეს ქიქნება პირველი iLife, რომლის შეძენა მხოლოდ App Store-ში იქნება შესაძლებელი;
  • Apple აქვეყნებს მეოთხე კვარტლის შედეგებს.

ნოემბერი

  • გამოდის iOS 5.2;

დეკემბერი

  • ჩამოტვირთვების რაოდენობა App Store აღწევს 5 მილიარდს;
  • ჩამოტვირთვების რაოდენობა Mac App Store აღწევს 100 მილიონს;
  • Apple ადასტურებს ინფორმაციას, რომ გაყიდულია 5 მილიონი iPhone nano და ფასებს აგდებს შობისათვის.

აი, ასეთი დატვირთული წელი გამოვიდა. როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, მომავალი ბოცვერის წელი რამოდენიმე სენსაციას გვპირდება: რად ღირს თუნდაც iPhone nano და Android-ის დაშვება iTunes-ში! მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ გაფრთხილებთ, ეს მხოლოდ ჭორებია, მეტი არაფერი!

სიახლე iPad/iPhone-ის მფლობელებისათვის

გამარჯობა მეგობრებო,

როგორც უკვე შეატყვეთ, ჩემი სამსახურში დაკავებულობის გამო ბლოგისათვის ცოტა დრო მრჩება. მეტიც ამ ბოლო ორი თვის მანძილზე სულ რამოდენიმე ჩანაწერს მოვუყარე თავი. იმედს ვიტოვებ, რომ დღევანდელი ჩანაწერიდან ჩვენი (ის ხომ მარტო ჩემი არაა, თქვენიცაა!) ბლოგის მუშაობა აღსდგება და სტატიების გამოსვლის პერიოდულობა მოიმატებს.

მაშასადამე რაზე მინდა ვისაუბრო მე. როგორც სათაურიდან გაიგებდით, თემა ეხება აიპადებსა და აიფონებს, მაგრამ ოდნავ განსხვავებული კუთხით — მათთვის საქართველოში მოქმედმა კომპანიამ „Globalcell“-მა მიკრო-სიმები გამოუშვა მთელი რიგი დამატებითი სერვისებით.

მოდით, ჯერ გავარკვიოთ, თუ ვინ არის კომპანია გლობალსელი და რა შეხება აქვს მას ჩვენს საყვარელი ვაშლოვანის პროდუქციასთან.

კომპანია „გლობალსელი“ არის ვირტუალური მობილური ოპერატორი საქართველოში. „გლობალსელი“ ესტონური მობილური ოპერატორის პარტნიორი კომპანიაა, შესაბამისად, ის თავის აბონენტებს სატელეკომუნიკაციო მომსახურებას უწევს პარტნიორი ესტონური კომპანიის დახმარებით, რომელიც მუშაობს  მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, როუმინგის პრინციპით და შესაბამისად კომპანიის აბონენტები სარგებლობენ საუკეთესო ევროპული ხარისხით მთელს მსოფლიოში.

ცნობისათვის, ქართულ ბაზარზე „გლობალსელის“ სიმ-ბარათები 2009 წელს შემოვიდა. კარგად მახსოვს, ამ ინფორმაცის მე მაშინ ქართულ ფორუმზე წავაწყდი და ფრიად დავინტერესდი. ცოტა ხანში მიწევდა საზღვარგარეთ გამგზავრება ერთ-ერთი კომპანიის დავალებით და იაფი ზარები ნამდვილად გამომადგებოდა. მერე სამწუხაროდ მივლინება ჯერ გადაიდო, ხოლო საბოლოოდ სულაც გაუქმდა. ჰოდა რაღაცა პერიოდით ეს თემაც ჩაიძირა ჩემს გონებაში.

აქვე დავესესხები „გლობალსელს“ და გეტყვით, რომ 2010 წლის სექტემბრიდან კომპანიამ „ბანკი ქართუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შექმნა ერთობლივი პროდუქტი და აბონენტებს შესთავაზა „ბანკი ქართუს“ VISA Platinum-ის ექსკლუზიური პაკეტი, რომლის მფლობელსაც სიმ-ბარათი სრულიად უფასოდ გადაეცემა და გამოირჩევა უნიკალური მომსახურებით — სიმ-ბარათის ავტობილინგით, ანუ ბალანსის ავტომატური შევსებით სატელეფონო ანგარიშის ზღვრულ ნიშნულზე მიახლოებისას.

კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი სერვისი, რომლის მოწოდებაც შეუძლია „გლობალსელს“, არის ის, რომ მისი ბარათებით სარგებლობისას შეგიძლიათ მიიღოთ მობილური ინტერნეტი (GPRS/3G) თითქმის მთელ მსოფლიოში, რაც დამეთანხმებით საქმიანი ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია!

კიდევ იმასაც გეტყვით, რომ „გლობალსელის“ ქსელში დღეისათვის 5000-ზე მეტი აბონენტია ჩართული. კი მაგრამ ჩვენ რა, იკითხავს იჭვნეულად მავანი ვაშლოფილი. რა კავშირი აქვს ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის კორიანტელს ჩვენთან, ღირსი სტეფანეს ადეპტებთან? მოთმინება მეგრობრებო, მოთმინება. საქმე იმაშია, რომ „გლობალსელმა“ მოამზადა და დააპროგრამა მიკრო სიმ-ბარათები ჩვენთვის საყვარელი აიპადისათვის. რათქმაუნდა ამ ბარათის გამოყენება აიფონშიც შეიძლება, მაგრამ მთავარი, ასე ვთქვათ მუღამი ისაა, რომ ამ ბარათის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ სმს-ის გაგზავნა!

უკვე საინტერესოა? :) რაღათქმაუნდა! მოწყობილობით, რომელიც პრინციპულად არაა განკუთვნილი იმისათვის, რომ განახოციელოს მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა საშტატო ფუნქციონალით, ამიერიდან შესაძლებელი ხდება ამ სერვისით სარგებლობა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან! ოღონდ ეგაა, რომ აიპადი 3G მოდელი უნდა იყოს (სიმ-ბარათის ჩასადები ჭრილით).

ყველა ოპერაცია სრულდება სპეციალური მენიუდან, რომელიც განთავსებულია Setting-ების მენიუში. როგორც კი ჩადებთ ბარათს აიპადში, ეს მენიუ დაემატება მყისეურად და შესაძლებლობა გეძლევათ ჩაატაროთ ოპერაციები!

მე ავიღე ერთი ბარათი. ახლა ვტესტავ. სამწუხაროდ აიპადის უქონლობის გამო ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებ ამ სერვისის სრულყოფილ ტესტირებას, იმედს ვიტოვებ, რომ ცოტა ხანში ეს დასანანი ხარვეზიც (ჩემი უაიპადობა :-]) გამოსწორდება. მაშინ კიდევ უფრო დეტალური ინფორმაციის მოწოდებასაც შევძლებ.

ახლა ვის შეილება დასჭირდეს ეს სერვისი, იკითხავს კვლავ მავანი? ძალიანაც ბევრ ადამიანს, ვუპასუხებ მე. ჩემთვის ყურმოკრული ინფორმაცია არაა ნამდვილად, თუ დაახლოებით რამდენი ათასი აიპადია რეალიზებული საქართველოში. თუ გავითვალისწინებთ მის ფასს, ლოგიკურია, რომ ძირითადად შეძლებულ ადამიანებს აქვთ ეს მოწყობილობა. ხოლო სადაც შეძლებაა (ღმერთმა ყველას მოგცეთ), იქ საზღვარგარეთ ხშირი მოგზაურობაც სადღაც ახლო დააბიჯებს. ჰოდა წარმოიდგინეთ სიტუაცია: თქვენ სადმე შუაგულ ევროპაში იმყოფებით, თან გაქვთ თქვენი საყვარელი აიპადი და მასში მოთავსებული „გლობალსელის“ მიკრო სიმ-ბარათი. ერთ მოწყობილობაში ექცევა მულტიმედია ტაბლეტი და ტელეფონი ყველაფერი ერთად, ზედმეტი მავთულებისა და წვალების გარეშე! განა ეს კარგი არ არის?

მე მგონი, რომ კარგია!

Macbook Air-ის მიმოხილვა

აჰა! როგორც იქნა დადგა დღე, როდესაც ჩემს ხელთ მოხვდა ახალი Macbook Air-ი! სტივის ბოლო პრეზენტაციიდან სულმოუთქმელად ველოდი, როდის ჩამოაღწევდა თბილისში ეს ახალი ნოუთბუქი. კვლავაც პირველი ამ საქმეში აღმოჩნდა ჩვენი ბლოგის მიმოხილვების სპონსორი კომპანია iphones.ge, რომლის მაღაზიაც მდებარეობს თბილისში, ლესელიძის 53 ნომერში. დიდი მადლობა მის ხელმძღვანელს, აკა ხუხაშვილს გაწეული დახმარებისათვის!

Macbook Air Review
Macbook Air Review

მაშ ასე, მოდით ვნახოთ რა არის ამ ნოუთბუქში ახალი და მნიშვნელოვანი!

ახალი მოდელი გამოვიდა გასულ თვეს. სიახლეები ბევრია მართლაც. ორი მოდელი გამოვიდა: 11 და 13 გოჯიანი ეკრანებით. წინა მოდელისაგან განსხვავებით, ახალში ორი USB პორტია, ახალი ვიდეო ბარათი Nvidia GeForce 320M, უფრო მძლავრი აკუმულატორები, ეკრანის გარჩვეადობამაც მოიმატა და ახლა არის 1440×900 პიქსელზე 13 გოჯიანისათვის (ჩემს 15 გოჯიან Macbook Pro-ზე ამდენია, ასე რომ იგრძენით განსხვავება!) და რაც მთავარია, უფრო სწრაფი ფლეშ-მატარებლით. 11-იანზე გარჩევადობა 1366×768-ზეა, წონით უფროს ძმაზე 300 გრამით ნაკლებია.

ამ ახალი მოდელების გამოსვლით Apple-მა თავისი სამოდელო რიგი კიდევ უფრო გააფართოვა და მომხმარებელს არჩევანის უფრო დიდი საშუალება მისცა. ახლა ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ თუ რა გვინდა, რა უფრო მნიშვნელოვანია: ზომა, წონა და პორტატულობა, თუ წარმადობა, ფუნქციონალურობა და უფრო ფართო შესაძლებლობები.

11 გოჯიანი Air-ი იგივე ფასი ღირს, რაც თეთრი Macbook-ი (ფასები აშშ-ში), მაგრამ პრინციპული სხვაობა იმაშია, რომ თეთრ მოდელში შესაძლებელია მეხსიერების შემდგომში გაზრდა, ამასთან დისკური სივრცეც უფრო მეტია. Air-ს როდესაც უკვეტავთ, რასაც შეუკევთავთ, ის დაგრჩევათ მუდამ — მეხსიერების გაზრდა შეუძლებელია.

არჩვენის მომენტია აგერეთვე ის, თუ რომელ მოდელს ავირჩევთ ამ ორ Air-ს შორის: 11 თუ 13 გოჯიანს. მე ტესტირებისათვის 11-იანი მერგო, რომელმაც არა მარტო მე, არამედ ჩემი თანამშრომელბიც ძალიან  მოხიბლა (რამოდენიმე მათგანი 10 გოჯიან ნეთბუქებს იყენებს ყოველდღიური საქმიანობისათვის ).

მეორე მხრივ, 13 გოჯიანი ვერსიას უფრო მაღალი გარჩევადობის ეკრანი აქვს. ამიტომაც ეს მოდელი Macbook Pro-ს რეალურ კონკურენტად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. რაშიც ის სერიოზულად აგებს, ეს არის Ethernet-თან კავშირის არასებობა (მხოლოდ უსადენო კავშირია გათვალისწინებული).

MacBook Air-ი და iPad-ი

ახალი Air-ის გამოსვლისთანავე გაჩნდა მოსაზრებები, ხომ არ გახდება ის iPad-ის კონკურენტი. ისეთივე მცირე ზომის, მსუბუქი და კომპაქტური, მაგრამ აღჭურვილი სრულფასოვანი ოპერაციული სისტემით, ის შეიძლება ბევრისათვის კომპრომისული ვარიანტი აღმოჩნდეს. თეორიულად ახალ Air-ს შეუძლია iPad-ს მომხმარებელთა რაღაც ნაწილიც წაართვას.

მაშინ, როდესაც iPad-ი სენსორული ეკრანის მეშვეობით იმართება და მისი საშუალებით უფრო ადვილი და კომფორტულია ინფორმაციის მიღება და აღქმა, Air-ის ფიზიკური კლავიატურა და ტრეკპადი ამ ინფორმაციის შექმნას უფრო ადვილს ხდის. რათქმაუნდა ამ სიტუაციაში აიპედი აქებს. მოკლედ, როგორც ყოველთვის, არჩევანის მრავალფეროვნება კიდევ უფრო სასარგებლოა ჩვენთვის, მომხმარებლებისათვის.

კორპუსი და ეკრანი

რა სხვაობა Macbook Air-ის ამჟამინდელსა და წინა მოდელებს შორის? რათქმაუნდა კიდევ უფრო შემცირდა კორპუსის სისქე და წონა, გუმჯობესდა USB-პორტებთან წვდომა (წინა მოდელში საკმაოდ მოუხერხებელი იყო, უნდა ჩამოგეწია სპეციალური საფარი, მოკლედ მე არ მომწონდა). მოიმატა ეკრანების გარჩევადობამ, მაგრამ მინუსად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კლავიატურას განათება არა აქვს, ტრეკპადი, როგორც უფროს მოდელებში მთლიანად შუშისაა და ძალიან მოსახერხებელია. 13 გოჯიან მოდელს აგრეთვე აქვს SD-ბარათების სლოტი. რაც ყველაზე საინტერესოა, არცერთ მოდელს არა აქვს სავენტილაციო ნახვრეტები!

ეკრანი ძალიან მკვეთრი და კაშკაშაა. მის შემდეგ სამსახურის HP-ის უდღეური ნოუთბუქი საშინელი საყურებელია :)

კორპუსი ისეთი თხელია, რომ თავიდან მეშინოდა კიდეც მისი ხელში აღება: არ გავტეხო-მეთქი. წონა 11 გოჯიან მოდელში 1.06 კგ-ია. ოფისში რომ მიმქონდა, ჩანთა უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე კომპიუტერი.

ტექნიკური დეტალები

MacBook Air-ში გამოიყენება ცოტა მოძველებული პროცესორი, Intel Core 2 Duo. მას სიხშირე აქვს შემცირებული ხელოვნურად, რაც ამცირებს სითბოს გამოყოფას და ენერგიის მოხმარებას ამცირებს.

აი გრაფიკული პროცესორი მართლაც კარგია — NVIDIA GeForce 340M. საკუთარი მიზნებისათვის ის 256 მეგაბაიტს იყენებს ოპერტიული მეხსიერებიდან .

ვინაიდან კომპიუტერს არა აქვს ქსელის კაბელის შესაერთებელი, ლოგიკურია გავარკვიოთ, მისი უსადენო შესაძლებლობები როგორია. ჩემი აზრით სრულიად ნორმალურია: AirPort Extreme Wi-Fi (ანუ, IEEE 802.11n, რომელიც თავსებადია IEEE 802.11a/b/g) და Bluetooth 2.1 + EDR.

რაც ყველაზე საინტერესოა: ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, Apple-მა საინსტალაციო დისკის მაგივრად შემოგვთავაზა საინსტალაციო ფლეშ-ჩიპი. 8 გიგაბაიტიანი, დაფორმატებულია მხოლოდ წაკითხვაზე და ძალიან, ძალიან ლამაზია!

მე დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც გაისად WWDC 2011-ზე გამოცხადდება Mac OS X 10.7 Lion-ი, მისი დისტრიბუტივის გაყიდვა ამ ხერხით მოხდება.

Macbook Air Review
Macbook Air Review

დასკვნა

Air-ი არ არის განკუთვნილი მძიმე ამოცანების შესრულებისათვის. ეს არის მენეჯერის, კომპანიის ხელმძღვანელის კომპიუტერი. ეს არის სახლში დამატებითი ნოუთბუქი, რომლის წაღებაც შეიძება ყველგან, სადაც არ გსურთ მძიმე, სრულზომიანი ნოუთბუქის თრევა. ეს არის ჩემი თანამშრომლებისათვის ზედგამოჭრილი კომპიუტერი, რომლებიც დრეს ოფისში არიან, ხვალ ლექცია აქვთ ჩასატარებელი და პროექტორზე უნდა მიაერთონ პრეზენტაციის ჩასატარებლად. მოკლედ, მარავალი ადამიანი შეძლებს ახალი Macbook Air-ის გამოყენებას ყოველდღიურ საქმიანობაში.

ულტრაკომპაქტური ნოუთბუქი, Apple-ის არაჩვეულებრივი ტრეკპადით. ოდნავ ნაკლებად მობილური, ვიდრე აიპადი, სამაგიეროდ სრულფასოვანი ოპერაციული სისტემით.

კარგი რამეა.

Macbook Air — 11.6 და 13.3 დუიმი

მოგესალმებით მეგობრებო!

მოკლედ შემოვიფარგლები. შემდეგ კვირაში გვექნება ახალი ნოუთბუქების მიმოხილვა.

დარჩით ჩვენთან!

ელვა: 20 ოქტომბერს სპეციალური ღონისძიება!

დიდხანს ველოდეთ ამ დღეს და აი ისიც დადგა! დღეს Apple-მა სხვადასხვა მედია-საშულაბებეში დააგზავნა მოსაწვევი სპეციალურ პრეზენტაციაზე, რომელიც შედგება კალიფორნიაში 20 ოქტომბერს, დილის 10 საათზე. პრეზენტაციის სლოგანი ფრიად მეტყველია:

Apple Special Event
Apple Special Event

როგორც ყოველთვის, არანაირი დეტალი არაა ცნობილი, თუმცაღა ლომი, რომელიც ეფლის ლოგოდან იწყიტება, გვკარნახობს, რომ ჩვენ გველოდება პირველი გაცნობა მორიგ “დიდ კატასთან” — Mac OS X-ის ახალ ვერსიასთან. არამგონია, რომ ის მაშინათვე გამოვა გაყიდვაში, ალბათ ეს იქნება პრევიუ და ბეტა-ანაწყობი დეველოპერებისათვის.

მაგრამ მარტო ერთი “ფისუნია” არაა საკმარისი ასეთი ღონისძიებისათვის. რას შეიძლება კიდევ ველოდოთ?

პროგრამული უზრუნველყოფა. რათქმაუნდა iLife-ის და iWork-ის ახალი ვერსიები. მათი განახლება არ მომხდარა უკვე ორი წელია და დიდი ალბოთაბაა, რომ ახლა გამოვა. შესაძლო ცვლილებების სიაში — MobileMe/iWork.com სოციალურ ქსელებთან უკეთესი ინტეგრაცია, MS Office-ის დოკუმენტების უკეთესი მხარდაჭერა, მობილური მოწყობილობების მხარდაჭერა.

ზაფხულში მორიგი კვარტალის შედეგების გაცნობისას Apple-ს უკვე ჰკითხეს უზარმაზარი დეითა-ცენტრის შესახებ, რაზეც პასუხი იყო, რომ ის წლის ბოლოს გაეშვებოდა. 20 ოქტომბერი კარგი თარიღია პრეზენტაციისათვის. ვნახოთ, იქნება და MobileMe-ც უფასო გახდეს…

აპარატურა. Apple-ი იშვიათად აკეთებს მხოლოდ პროგრამების ან აპარატურის პრეზენტაციას, ყოველთვის არის ძირითადი თემა, რომელიც გაჯერებულია საპირისპირო საკითხებით. მოსალოდნელი ღონისძიების შემთხვევაშიც არის ვარაუდი, რომ ნაჩვენები იქნება ახალი Macbook Air-ი.

მთავარი ინტრიგა — როგორი იქნება ახალი “ჰაერ-ბუკი”? არ ვიცი, შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო. ადრე Macbook Air-ის უპირატესობა იყო დიდი ხნით ავტონომიური მუშაობა და კომპაქტურობა. ახალმა მაკებმა, რომლებიც 10 საათი მუშაობენ ავტონომიურად ეარს წაართვეს ეს უპირატესობა, ხოლო აიპადებმა — კომპაქტურობა. რაღა დარჩა? დარჩა ის, რომ დროა ეფლმა იფიქროს ამ ნოუთბუკის ზომების შემცირებაზე, მაგალითად 11 გოჯამდე (პირადად მე მაქვს ეფლის ადრინდელი გამოშვებული PowerBook G4 12 გოჯიანი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკამოდ ძველია, ძალიან კარგად მუშაობს და ეკრანის ზომებიც არ ქმნის დისკომფორტს).

მოკლედ, თვალყური ადევნეთ ჩვენს ბლოგს და აუცილებლად პირველები გაიგებთ სიახლეებს!

მაიშ პატრაწუმ, კი არადა მზად იყავით! :)

Apple Special Event Humor
Apple Special Event Humor

Apple-ის ორი რეკორდი ერთ დღეს

დღეს, 14 ოქტომბერს, Apple-მა ერთბაშად ორი რეკორდი დაამყარა. ჯერ ერთი, აშშ-ში კომპანიამ 90-იანი წლების შემდეგ გადალახა ბაზრის 10%-იანი წილი. მეორეც, მისი აქციების ფასმა გადალახა 300 დოლარიანი ბარიერი.

კონსალტინგური კომპანიის Gartner ანგარიშგების მიხედვით, 2010 წლის მესამე კვარტალში აშშ-ს კომპიუტერული ბაზარი გაიზარდა 2.2 პროცენტით. მთავარი პრობლემები შეექმნათ სამ ძირითად მწარმოებელს: HP-მ მაინც შეძლო მოცულობის გაზრდა 2 პროცენტით, მაგრამ Dell-ს და Acer-ს დაუფიქსირდათ ვარდნა 5.8 და 21 პროცენტით. ამ დროს Apple-ს 13 პროცენტიანი ზრდა აღენიშნება გაყიდვებში, რამაც საშუალება მისცა დაეკავებინა აშშ-ს ბაზრის 10 პროცენტი. მეტიც, მესამე ადგილზე მყოფი Acer-ისაგან Apple-ს მხოლოდ 0.1 პროცენტი აშორებს.

Apple Record
Apple Record

მეორე რეკორდი კომპანიამ უოლ-სტრიტზე დაამყარა, სადაც აქციების ფასმა 300 დოლარს გადააჭარბა.

და მართლაც, ეს Apple-ის ამჯამინდელი მდგომარეობის ადექვატური შეფასებაა: iPhone-ები კვლავაც “ცხელ-ცხელ” საქონლად ითვლება და არაადმიანური სისწრაფით იყიდება, iPad-ი თავის სეგმენტში უსიტყვო ლიდერად რჩება, მაკების გაყიდვები მატულობს.

Apple Record
Apple Record

ოცდამესამე პოდკასტი, გადაცემის სტუმარი — გიორგი გულუა

მეგობრებო,

დღეს ჩვენ სიახლე შევიტანეთ ჩვენი პოდკასტების ფორმატში — გადაცემაში სტუმრად გვყავდა საქართველოს განათლების სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გულუა. საუბარი ძალიან საინტერესო გამოდგა, გირჩევთ მოუსმინოთ, ბევრ საინტერესო სიახლეს გაიგებთ:

Podcast with Devi Issue 23
Podcast with Devi Issue 23

iPod Touch — ახალი ვერსიის მიმოხილვა

მეგობრებო, როგორც დაგპირდით, გთავაზობთ iPod Touch-ის მიმოხილვას ჩვენს ბლოგში. სატესტო ვერსია როგორც ყოველთვის ოპერატიულად მოგვაწოდა კომპანიამ iphones.ge, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში, ლესელიძის 53 ნომერში. დიდი მადლობა მის ხელმძღვანელს, აკა ხუხაშვილს!

მაშ ასე, შევუდგეთ მიმოხილვას.

პირადად ჩემთვი iPod touch-ი არის იგივე აიფონი, ოღონდ მობილური კავშირის გარეშე. თუმცა ეფლის სმარტფონთან მისი მსგავსება საკმაოდ დიდია. ახალი მოდელი კიდევ უფრო დაუახლოვდა აიფონს პარამეტრებით.

როგორც ცნობილია, მე-4 თაობის iPod touch-ის პრეზენტაცია მოხდა მ.წ. 1 სექტემბერს, სპეციალურ მუსიკალურ ღონისძიებაზე. ახალი მოდელი მთელი რიგი პარამეტრებით ნამდვილად საინტერესო რამაა. და რომ არა უკვე არსებული ახალი აიფონი, აუცილებლად შევიძენდი მას.

ყუთიდან ამოღების შემდეგ (უნდა მოგახსენოთ, რომ როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც შეფუთვა ძალიან მაღალ დონეზეა) აშკარად შევამჩნევთ, რომ ახალი მოდელი კიდევ უფრო თხელი გახდა და ასე ვთქვათ უფრო „ოთხკუთხედიც“. კორპუსის უკანა ნაწილი ფოლადისგანაა დამზადებული. ერთი მხრივ არაჩვეულებრივად ლამაზია, მეორე მხრივ — საკმაოდ სწრაფად იფარება ცხიმიანი ნათითურებით. ძირითადში დიზიანი ისევ ისეთივეა.

თუ დამკვრელს პირდაპირ შეხედავთ, ვერ დაინახავთ მართვის ღილაკებს, რომლებიც უკანა კედელზეა ისე განტავსებული, რომ არ ჩანს. მთავარი სიახლე გახლავთ VGA-კამერა წინა მხრიდან, მეორე კამერა დამკვრელის უკანა კედელზეა დატანებული.

კორპუსის ქვედა ნაწილში განთავსებულია ყურსაცვამების შესაერთებელი და კომპიუტერთან სინქრონიზაციის (რომელიც ამავდროულად ელკვებისათვის გამოიყენება) კონექტორი. კორპუსი ძალიან მაღალ დონეზეა აწყობილი. მისი ზომებია: 111 x 58.9 x 7.2 მმ, წონა — 101 გრ.

ერთ-ერთი დიდი სიახლე არის აგრეთვე ახალი ეკრანი. პრინციპში არც ძველი ეკრანი იყო ცუდი, მაგრამ ახლა ის განსაკუთრებით მიმზიდველია — 960 x 640 პიქსელზე, ნუ მოკლედ Retina-დისპლეი. შედეგად გამოსახულება ზემკაფიოა და არაჩვეულებრივი.

ახალ მოდელში პროცესორც გამოიცვალა — ახლა მასში აყენია იგივე A4, რაც აქვს ახალ აიფონს. შედეგად წარმადობამ მოიმატა, თანაც მაგრად, ყველა ოპერაცია ძალიან სწრაფად სრულდება.

iOS 4.1-მა მოიტანა ის სიახლეები, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ FaceTime-ით. მე როგორც იქნა შევძელი და ჩემი აიფონ 4-ის შეძენის შემდეგ პირველად ავამუშავე ეს ფუნქცია. არაჩვეულებრივად ამუშავდა. სიგნალი გადაეცემა კარგად, შეყოვენებეი არ არის. გამოსახულება ძალიან მაღალი ხარისხისაა.

უკანა კედელზე განთავსებულმა კამერამ არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ერთი მხრივ იღებს HD-ვიდეოს, თანაც საკმაოდ კარგად. მეორე მხრივ ფოტოგადაღებისას გამოდის შედარებით დაბალი ხარისხის (აიფონ 4-თან შედარებით).

iOS 4.1-ის კიდევ ერთი ფუნქცია — სერვისი Game Center, საშუალებას გაძლევთ ადვილად დაუკავშირდეთ მეგობრებს და ერთად ითამაშოთ სხვადასხვა თამაშები.

რაც შეეხება ამ ახალი მოწყობილობის ძირითად ფუნქციას, მუსიკალურ დამკვრელს, ის შეუდარებელია! ხმის ხარისხი ძალიან მაღალია, კომპლექტში შემავალი ყურსაცვამები პრინციპში დამაკმაყოფილებელ ხარისხს იძლევა, თუმცა შეგიძლიათ მიუერთოდ სხვა უფრო ძვირად ღირებული ყურსაცვამებიც.

დასკვნა: iPod Touch 4G — საუკეთესო მულტიმედია მოწყობილობაა ბაზარზე. ის ერთნაირად კარგად ასრულებს მუსიკალური დამკვრელის, ვიდეო დამკვრელის, სათამაშო კონსოლის და ჯიბის კომპიუტერის ფუქნციებს.