Magic Mouse-ის მიმოხილვა

პრინციპში რომ ვილაპარაკოთ, Apple-ის მაუსები არასოდეს გამოირჩეოდნენ ერგონომიულობით ან/და ტექნიკური გამართულობით. ბოლო, Mighty Mouse-მა მრავალი მომხმარებლის წყრომა დაიმსახურა. რად ღირს თუნდაც მისი ყბადაღებული “ჭიპი”, ცოციას ბურთულა, რომელიც ექსპლუატაციის სულ მცირე დროში იმდენად ისვრებოდა, რომ სრულიად წყვეტდა მუშაობას. აბა თანამედროვე მაუსი რა მაუსია, თუ მას ცოცია არა აქვს (ე.წ. Scroll Wheel)! ჰოდა გაივსო ინტერნეტი ათასგვარი სახლემძღვანელოებით ამ საწყალი ჭიპის გაწმენდასთან დაკავშირებით. მეც მაქვს ეს მაუსი, გამოვთხარე თვალი 2 წლის წინ მისი ყიდვისას. და საერთო ჯამში ალბათ 1 თვეც არ მექნება გამოყენებული, სამწუხაროდ. ვწმინდე, ვწმინდე და ბოლოს მივანებე თავი. დევს ახლა ობლად და არავის სჭირდება. მაგრამ დღეს ჩვენ მასზე არ ვსაუბრობთ. არამედ Apple-ის ახალ მაუსზე, Magic Mouse-ზე, რომელიც აგერ უკვე 3 დღეა მაქვს და ფრიად მომწონს!

არა, არ მიყიდია. მართალია როგორც კი გამოვიდა, მაშინვე დავაპირე ყიდვა, მაგრამ amazon.com-ზე იმხელა რიგში უნდა ჩავწერილიყავი, რომ დამეზარა და ვანებე თავი. ვიფიქრე, მოდი ცოტა დრო გავიდეს, დაწეროს ხალხმა ინტერნეტში მიმოხილვა და მერე ვნახოთ-მეთქი. არ მინდოდა იგივე გამეორებულიყო, რაც Mighty Mouse-ის ყიდვისას. მოკლედ აქამდე დავრჩი ასე მაუსის გარეშე. მაგრამ ამ ცოტა ხნის წინ თბილისში ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა, რომელიც  Apple-ის პროდუქციას ყიდის, iphones.ge-ს მეპატრონემ, აკა ხუხაშვილმა შემომთავაზა ბლოგზე გაგვეკეთებინა Apple-ის პროდუქტების მიმოხილვა. იდეა ძალიან მომეწონა და აგერ თქვენს წინაშეა პირველი ასეთი სტატია. შეგახსენებთ, რომ Magic Mouse-ის და Apple-ის სხვა პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე, 53 ნომერში, აკასთან.

კომპლექტაცია

ახალი მაუსი იყიდება კომპაქტურ პლასტიკატის კოლოფში, რომელშიც მის გარდა იპოვნით მცირე ზომის ბროშურას. მაუსს მოყვება ორი ცალი AA ზომის ბატარეა, ძალიან კარგი ხარისხის. იგივე ბატარეები თბილისში 9 ლარი დაგიჯდებათ. ბატარეები უკვე ჩასმულია მაუსში.

კომპიუტერთან მისაერთებლად ჩართეთ მაუსი (ღილაკი ბსკერზე აქვს განთავსებული) და დაუკავშირეთ კომპიუტერს System Preferences-ების საშუალებით.

დიზაინი და ერგონომიკა

ამ მაუსს ძალიან დაბალი პროფილი აქვს, ერთგვარად შუაზე გადაჭრილ საპნის ნაჭერსაც წააგავს. ქვემოდან მთლიანად ალუმინის, ზემოდან რძისფერი პლასტიკატისაგანაა დამზადებული. როგოც უკვე ავღნიშნეთ, ქვემოდან განთავსებული აქვს ჩართვის ღილაკი და ბატარეების განყოფილება. მაუსს არა აქვს არანაირი ხილული ღილაკი ან ცოცია, ის სრულიად გლუვი და სიმეტრიულია. მაუსის სრიალს ნოხზე უზურნველყოფს ტეფლონის ორი ზოლი ქვემოდან.

გარეგანი სახე წარმატების მხოლოდ ნახევარია. აი რომ შეხედავ ეგრევე შენდაუნებურად აღმოგხდება “ვახ!” (ამერიკულ  Wow-ებს არ ვართ! ;)).

რაც შეეხება ერგონომიკას, ის საკმაოდ სპეციფიურია. თუ ვისაუბრებთ საოფისე სამუშაოზე, აქ ამ მაუსთან არ შეიძლება იყოს რაიმე პრეტენზია. აი თამაშებს რაც შეეხება, აქ შეიძლება ცოტათი გაგიჭირდეთ. დაბალი პროფილის და მართვის თავისებურების გამო ის ნაკლებად გამოსადეგაია ამისათვის. მე ეს პრობლემა ძალიან  მარტივად გადავწყვიტე. მაქვს უსახელო ჩინური USB-მაუსი, 10 ლარიანი. რომელიც ჩემს ემოციურ შეტევებს Acion-თამაშების დროს სტოიკურად უძლებს. თუ გატყდება არ დამენანება, ახალი კაპიკები ღირს. თანაც მაკზე, სიმართლე გამხელილი სჯობს, არაა იმდენი თამაში, რაც მე მინდა. ასე რომ მე პირადად არ მაწუხებს ეს მომენტი.

მართვა

როგორც მის წინამორბედს, Magic Mouse-აც მხოლოდ ერთი აპარატურული ღილაკი აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, მაუსის წინა ნაწილი ერთი დიდი ღილაკია. მიუხედავად ამისა, მაუსი ძალიან ჭკვიანია. საქმე Multi-Touch ტექნოლოგიაშია, რომელიც მაუსს გადააქცევს Apple-ის ნოუთბუკების ტაჩპადის მსგავსს. მგრძნობიარე ნაწილი პრაქტიკულად მთელს ზედაპირს იკავებს (Apple-ის ლოგიმდე, იმის იქეთ “ყრუ” ზედაპირია). ეს საშUალებას იძლევა დმატებითი ფუნქციებით დავტვირთოთ მაუსი.

თუ თქვენ აქამდე მუჩევული იყავით Windows-კომპიუტერების 2 ღილაკიან მაუსებზე, მაინც არ შეგექმნებათ პრობლემა: მაუსი ხვდება, თუ რომელ ვირტუალურ ღილაკს აწკაპუნებთ (მცირე შენიშვნა: ნუ იხმართ სიტყვას დაკლიკება, მაშინ როდესაც გვაქვს მშვენიერი ქართული ვარიანტი: დაწკაპუნება). მარცხენა კიდე – მარცხენა დაწკაპუნება, მარჯვენა კიდე – მარჯვენა დაწკაპუნება.

ამის გარდა, მაუსის მთლიანი ზედაპირი არის ერთი დიდი ცოცია! გიმუშავიათ ოდესმე Apple-ის თაჩპადთან? აქაც იგივეა, თითით ვატარებთ მაუსის ზედაპირზე და ვებ-გევრდი, ან დოკუმენტი საჭირო მიმართულებით გადაიფურცლება. ასევე შესაძლებელია ორი თითით სხვადასხვა ელემენტების გადაფრუცვლა.

ამით მაუსის საბაზო შესაძლებლობები ამოიწურა. ცოტაა? არაა პრობლემა! ქსელში ვიპოვნე ორი პროგრამა:
MouseWizard-ი ($2.50) და BetterTouchTool (უფასოა). მათი დახმარებით შეგიძლიათ დაამატოთ შემდეგი ფუნქციები:

  • ნოუთბუკის ძილის რეჟიმში გადაყვანა მაუსზე მთლიანი ხელის დადებით;
  • მაშტაბირება;
  • სამთითიანი ჟესტები, დაწკაპუნებები, შეხებები;
  • ორთითიანი ჟესტები, დაწკაპუნებები, შეხებები;
  • მაუსის შუა, მესამე ღილაკის დამატება;
  • მაუსის გვერდითი დმატებითი ღილაკები.

როგორც ხედავთ, დამატებითი პროგრამების საშუალებით შეგიძლიათ Magic Mouse-ის პოტენციალის გაშლა-გაფართოება. მათი დახმარებით შეგიძლიათ მოარგოთ მაუსის ზედაპირის ნებისმიერი რეაქცია, დაარეგულიროთ მგრძნობიერე არე.

შედეგები

გულზე ხელის დადებით გეტყვით – არ ველოდი ასეთ შედეგებს. მითუმეტეს, რომ პარასკევს, როდესაც მაუსი სახლში მოვიტანე და მივაერთე კომპიუტერს, თავიდან დისკომფოტრი გამოჩნდა, მაგრამ დაახლოებით 3-4 საათის ინტენსიური ექსპლუატაციის შემდგომ მივეჩვიე ისე, რომ ახლა ვეღარც კი წარმომიდგენია ძველ მაუსზე დაბრუნება!

ჩემი ვერდიქტი: გირჩევთ, ყველას გირჩევთ Magic Mouse-ის შეძენას!

P.S. ფოტოები კი გადავუღე მაუსს, მაგრამ იმდენად უხარისხო რაღაც გამოდის, რომ გადავწყვიტე აღარ დავდო.

P.P.S. ძალიან მწყდება გული, რომ ხვალიდან უნდა დავაბრუნო Magic Mouse-ი. ისე შევეჩვიე, რომ ძველ მაუსზე დაბრუნება გამიჭირდება.


Comments

11 responses to “Magic Mouse-ის მიმოხილვა”

  1. MagicPref დიმა? ესეც კარგი უფასო დანამატია თაგუნას ფუნქციონალურობისთვის…

    1. ჰო, ეგ არ მინახავს. აუცილებლად ვნახავ.

  2. ეფლს არასდროს არ ეხერხებოდა კარგი მაუსის გაკეთება, კი ყველა მაგარი Sexy იყო და ლამაზი მაგრამ რეალურ ცხოვრებაში საშინლად მოუხერხებელი და არაკომფორტული. მეჯიკ მაუსი კიდე ძალიან კარგი გამოუვიდათ, ძალიან კომფორტულია და არამგონი რაიმე ოდესმე გაუფუჭდეს (ძველ მაუსებს როლიკიუ უფუჭდებოდათ კვირაში ერთხელ)

    1. გეთანხმები თორნიკე. 3 დღეა მაქვს და ვეღარ ვიცილებ ხელიდან!
      რა დააბრუნებს ახლა ამას უკან! :)))

  3. 1. Win-ზე მიდის?
    2. რა ღირს?

    1. ამბობენ მიდისო, http://uneasysilence.com/archive/2009/11/14588/

      თვით მაუსი ამაზონზე $70 ღირს.

      1. მადლობა თორნიკე ბმულისათვის!

      2. მადლობთ! :)

    2. 1. 69 დოლარი ამაზონზე + 4 დოლარი საქართველოში ჩამოტანა.

      2. მიდის, მაგრამ საჩალიჩოა. მე მაკზე ვირტუალში მიყენია Windows-ი, ამიტომ წაიღო უპრობლემოდ. ნამდვილ PC-ზე არ მიცდია.

      1. ვცდი აბა, მეგულება ერთ მეგობართან მაითი მაუსი – ეგ თუ წავა, მეჯიქიც წავა ალბათ

  4. asdasd Avatar
    asdasd

    rogor unda vihido?