PocketBook Basic 611 — მიმოხილვა

ელ. მელნიანი წიგნებისადმი ჩემი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. დავიწყებ იმით, რომ აგერ უკვე მეშვიდე თვეა, რაც დიდი სიამოვნებით ვსარგებლობ Sony PRS-650-ით, რომელიც ძალიან მომწონს და ძალიან კმაყოფილი ვარ. სანამ ამ მოდელზე გავაკეთებდი ჩემს საბოლოო არჩევანს, ბევრი სხვა მოდელი გადავსინჯე. მათ შორის Amazon Kindle და Nook. პირველი დავიწუნე იმ მიზეზით, რომ არ გააჩნია ePUB-ფორმატის მხარდაჭერა, ხოლო მეორე გარეგანი სახის გამო (სიმართლე უნდა ითქვას, რომ ჩემს მიერ Sony-ს შეძენის შემდეგ რამდენიმე კვირაში ახალი Nook გამოვიდა, ძალიან იაფი და ძალიან ხარისხიანი, თუმცა მე მაინც არ ვნანობ შემს შენაძენს). მაგრამ აი გავიდა რამდენიმე თვე, მე ახალი სამსახური მაქვს, რომელშიც ჩემთვის საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ამ საქმის შემადგენელი ნაწილია განვიხილო ელ. წიგნების ახალი მოდელები.

2012 წელს ჩვენ ბევრ საინტერესო და ახალ მოდელს განვიხილავთ, მანამდე კი ნება მომეცით შემოგთავაზოთ უკრაინული კომპანიის, Pocketbook-ის ელ. წიგნის ძალიან საინტერესო ახალი მოდელი, PocketBook Basic 611.

PocketBook Basic 611 პირველივე შეგრძნებით ძალიან მსუბუქი ჩანს. და ეს მარტო შეგრძნება არაა, ის მართლაც ძალიან კომპაქტური და მსუბუქია, ანუ ჩემი აზრით ძალიან კარგად მოსახმარი.

მოწყობილობის კონსტრუქციაში გამოყენებულია ძალიან მაღალი ხარისხის პლასტიკატი, შეხებით 611-ე მოდელი სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორც წესი, მწარმოებლები იყენებენ ე.წ. Soft Touch დაფერვას პლასტიკატზე, რაც რეზინის შეგრძნებას ტოვებს და კარგად აღიქმება ხელის შეხებით. ამ შემთხვევაში ეს მეთოდი გამოყენებული არ არის, თუმცა ხელის სრიალი მოწყობილობაზე გამორიცხულია, ის კარგად ზის ხელის მტევანში და დისკომფორტს არ ქმნის. ამასთან Soft Touch-ისგან განსხვავებით, ამ მოწყობილობაზე საღებავის გადაცლა გამორიცხულია, რაც უთუოდ მისასალმებელი ფაქტია.

ცოტათი არ მომეწონა ჯოისტიკი, რომლითაც იმართება მოწყობილობა. ის ჩაძირულია კორპუსში, შედეგად ოდნავ მცირე გეჩვენება, ვიდრე არის.

მწარმოებელი კომპანიის ისტორია

კომპანია PocketBook-ის ისტორია 2007 წელს იწყება. ერთი წლის შემდეგ ბაზარზე გამოდის ამ კომპანიის პირველი პროდუქტი, PocketBook 301. 2008-2009 წლების ზამთარში ეს მოდელი პოპულარობას იხვეჭს მომხმარებლებს შორის (პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ბაზარზე, ძირითადად უკრაინა და რუსეთი).

2008 წელს კომპანია ხსნის ელექტრონული შიგთავსის საფირმო მაღაზიას BookLand-ს, ხოლო 2011 წელს კომპანია PocketBook იწყებს რებრენდინგს და შედეგად ვიღებთ ახალ სავაჭრო ნიშანს — Obreey. მაღაზიის ასორტიმენტში ასობით ათასი წიგნი, ჟურნალი და სახელმძღვანელოა. ჩვენთვის ფრიად საინტერესო ის გახლავთ, რომ ამ მაღაზიაში რამდენიმე ათეული ქართულენოვანი წიგნის მოძიებაც არის შესაძლებელი, ხოლო სულ ცოტა ხანში ქართული შიგთავსის მოცულობა გაზირდება. ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად შევატყობინებთ ბლოგის მკითხველებს.

2009 წლის გაზაფხულზე კომპანია უშვებს ახალ მოდელს, PocketBook 360°, რომელიც მომხმარებლებთან ერთად შეიქმნა, უფრო სწორედ, მათი სურვილების გათვალიწინებით.

2009 წლის ზამთარში კომპანია უშვებს პირველ სენსორულ მოწყობილობას — PocketBook 302-ს.

2010 წელს წარმოებაში ჩაშვებულია პრემიუმ-ხარისხის მოდელები — 602 Pro და 902 Pro, აგრეთვე აქედან ერთ თვეში ანალოგიური მოდელები სენსორული ეკრანით 603 Pro და 903 Pro. 2011 წელს გამოდის გაუმჯობესებული მოდელები 612 Pro და 912 Pro.
2010 წელს მზის შუქი იხილა PocketBook IQ 701 მოდელმა Android-ის საოპერაციო სისტემის ბაზაზე. ეს მოდელი თავის თავში მოიცავს ელ. წიგნების წამკითხველსა და უნივერსალურ პლანშეტურ კომპიუტერს და ჩვენს მას აგრეთვე განვიხილავთ 2012 წლის დასაწყისში.

2010 წლიდან PocketBook ხსნის საფირმო საცალო მაღაზიებს უკრაინასა და რუსეთში.
2011 წელს კომპანიამ გამოუშვა მთელი რიგი სრულიად განსხვავებული მოდელებისა — PocketBook 611 (ჩვენი დღევანდელი განხილვის საგანი) და პლანშეტური კომპიუტერი PocketBook A10 საფირმო პროგრამული უზრუნველყოფით.

კომპანიის წარმომადგენლობა განთავსებულია შემდეგ ქვეყნებში: შვეიცარია, უკრაინა, რუსეთი, აშშ, ბელარუსი, ლატვია, ბულგარეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, მოლდოვა, ჰოლანდია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, არაბეთის საემიროები, ავსტრალია, ჩინეთი, ინდოეთი, კაზახეთი, ახალი ზელანდია, სინგაპური, ტაივანი, ისრაელი, აზერბაიჯანი და საქართველო.

ტექნიკური მახასიათებელები

ეკარნი: 6″ E-Ink VizPlex, 800×600 px, ნაცრისფერის 16 გრადაცია
პროცესორი: Freescale 800 მჰც
გრაფიკა: პროგრამული კონტროლერი
საოპერაციო სისტემა: Linux
ოპერატიული მეხსიერება: 128 მბაიტი
ჩადგმული მეხსიერება: 2 გბაიტი
გაფართოების ფოსო: microSD 32 გბაიტამდე
კავშირგაბმულობა: USB 2.0, Wi-Fi 802.11 b/g
წიგნის ფორმატები: EPUB (ADOBE DRM), PDF (ADOBE DRM), EPUB, PDF, TXT, DJVU, RTF, HTML, CHM, DOC, DOCX, TCR, FB2, FB2.ZIP
გრაფიკული ფორმატები: JPEG, BMP, PNG, TIFF
აკუმულატორი: ლითიუმ-პოლიმერული, 1000 მა/სთ.
ზომები: 122 x 174 x 9,5 მმ
წონა: 174 გრ. ყდის გარეშე

დიზაინი

მახასიათებლების ჯამური მაჩვენებლებით, კონსტრუქციული შესრულებით, პროგრამული უზრუნველყოფითა და სერვისით აღნიშნული მოწყობილობა საშუალოზე მაღალ კლასში გადის.

შეფუთვა მომეწონა, კოხტად არის შესრულებული და არც დიდი არაა.

კოლოფს წინა მხარეზე ამშვენებს PocketBook-ის ლოგოტიპი, მოდელის დასახელება და უშუალოდ ელწიგნის სურათი.

კოლოფის უკანა მხარეზე მოცემულია ყველა საჭირო ინფორმაცია და მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები, მათ შორის ქართულ ენაზეც.

მოწყობილობას კომპლექტში მოყვება USB-კაბელი, მცირე სახელმძღვანელო (ქართული აქაც არის წარმოდგენილი) და საგარანტიო ტალონი.

შალითა კომპლექტაციაში არ შედის, ცალკე უნდა შეიძინოთ. PocketBook 611-ის კორპუსზე არ არის გათვალისწინებული რაიმე სამაგრი შალითისათვის, სავარაუდოდ სპეციალური რეზინებით დამაგრდება (იმედია შალითას მალე მივიღებ და ამის შესახებ მოგვიანებით მოგახსენებთ).

გარეგანი სახე შესაძლოა ოდნავ უბრალო მოგეჩვენოთ, მაგრამ დამიჯერეთ, მოწყობილობის ხელში აღების შემდეგ მიხვდებით, რომ ის ძალიან კარაგდ არის შესრულებული, კარგად არის აწყობილი და საუცხოო მასალებია გამოყენებული.

ელწიგნის ამ მოდელში აკუმულატორის გამოცვლა შეუძლებელია. მისი შეცვლა შეგეძლებათ მხოლოდ სერვის-ცენტრში, თუ რათქმაუნდა ამის აუცილებლობა გახდება საჭირო. ჩემი აზრით მოწყობილობის მორალური ცვეთის ამოწურვამდე აკუმულატორი გაგიძლებთ და მერე შეცვლას ისედაც აღარ ექნება აზრი.

PocketBook 611-ში არ არის აუდიო ფაილების დამკვრელი, შესაბამისად — არც ყურსაცვამების ფოსოები არაა გათვალიწინებული.

მოწყობილობის წინა მხარეს, ეკრანის ქევმოთ განთავსებულია საფირმო ჯოისტიკი და მის გასწვრივ გვერდების გადაფურცვლის ღილაკები მარცხნიდან და მარჯვნიდან.
უკანა მხარეს PocketBook-ის ლოგოს ნაცვლად მოწყობილობას ამშვენებს ლოგო Obreey, ქვემოთ განთავსებულია სერტიფიცირების სხვადასხვა ნიშნულები და სერიული ნომერი.

ღილაკები საკმაოდ რბილად ეჭირება და სასიამოვნო შერგძნებას ტოვებს შეხებისას.

ჯოისტიკი არ მომეწონა, პატარაა. განსაკუთრებით ჩემი უშველებელი ზომის ხელებისათვის. მაგრამ პრინციპში სარგებლობა შეიძლება, სხვა გზა არ არის.

ცენტრალური მრგვალი ღილაკის ქვეშ განთავსებულია მწვანე შუქდიოდი. მისი ციმციმი მუშაობის სხვადასხვა პარამეტრზე მიუთითებს. კითხვისას ინდიკატორი მხოლოდ გადაფურცლვისას ინთება. ცოტა შემაცბუნა ამ შუქდიოდმა, მაგრამ მერე ნელ-ნელა შევეჩვიე. თუმცა ვთვლი, რომ ის ზედმეტია.

ჩართვის ღიალკი კორპუსის ქვედა ნაწილშია განთავსებული. ის საკმაოდ ჩაძირულია კორპუსში, ამიტომ ფრჩხილის მოშველიება დაგჭირდებათ, რომ დააჭიროთ.

ავტონიმური მუშაობის დრო 1 თვეა, ან 8000 გვერდის გადაფურცვლა, როგორც მწარმოებელი აცხადებს, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ჩემი Sony PRS-650 ნაკლები ხანი მუშაობს (15-16 დღე) სრული დამუხტვის შემდეგ. დაბეჯითებით გირჩევთ გამორთოთ Wi-Fi, ამით მუშაობის ხანგძლივობას ნამდვილად გაზრდით.

სიმარტივის მიუხედავად, მოწყობილობა ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ბევრ სხვა კონკურენტ მოდელს.

ეკრანი

PocketBook Basic 611-ისათვის მწარმოებელმა აირჩია E-Ink VizPlex ტიპის ეკრანი. ეს გახლავთ ქაღალდისმაგვარი ეკრანი, განათების გარეშე. სხვათაშორის, ეს ბოლოს წინა მოდელია ამ ტიპის ეკრანებს შორის. უფრო უკეთესი ვარიანტია E-Ink Pearl ტიპის ეკრანი.

ეკრანის ფიზიკური ზომა 6 გოჯი გახლავთ. ეკრანის გარჩევადობა 800×600 წერტილია ნაცრისფრის 16 გრადაციით გრაფიკისათვის და 4 გრადაციით ტექსტისათვის. ამის ხარჯზე ილუსტრაციები უფრო კონტრასტულია. ეკრანის კონტრასტულობა შეადგენს 6:1 და ის ამ ტიპის ეკრანების ხარისხის უმაღლეს კატეგორიას, „A+“-ს შეესაბამება.

E-Ink VizPlex ტიპის ეკარნის გამოყენების გასასამართლებლად შეგვიძლია ის ვთქვათ, რომ გაუმჯობესებულია ეკრანის გადახატვის (ანუ გამოსახულების ცვლილების) სისწრაფე. მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ გამოსახულების ხარისხი მისი სრული განახლების სიხშირის მითითების ხარჯზე. მწარმოებლებმა დაამატეს ხარისხის სამი საფეხური: ტექსტის ჩვენება დაგლუვების გარეშე, დაგლუვებით და გაჯერებული.

ბოლო თაობის E-Ink Pearl™ ეკრანებთან შედარებისას გამოსახულების ხარისხი და კონტრასტულობა უნდა ორ ნაწილად გავყოთ: ინტერფეისი და ტექსტის აღქმადობა.
ინტერფეისის შემთხვევაში ფონი საგრძნობლად ნაცრისფერია, ტექსტის შემთხვევაში — ნაკლებად. მითუმეტეს, თუ ჩართულია „გაჯერებული“ რეჟიმი. ტექსტის გადაფურცვლა მომენტალურად ხდება.

საბოლოო შთაბეჭდილება: ეკრანი ნადმვილად არაა ცუდი, თუმცა ცოტათი ჩამორჩება E-Ink Pearl™ ტიპის ეკრანებს. უდავო პლუსია ის, რომ გადაფურცვლა ძალიან სწრაფია და კომფორტული, რითაც საგრძნობლად განსხვავდება სხვა კომპანიების ელწიგნებისაგან.

პროგრამული უზრუნველყოფა

ტესტირებისას მოწყობილობაზე დაინსტალირებული იყოს მიკროკოდი: 15.4 20111013_170037

პროგრამული უზრუნველყოფას საფუძველად Linux-ი აქვს. პროგრამული კოდის ნაწილი გამოქვეყებულია თავსუფლად აქ.

თავიდანვე PocketBook Basic 611 განსაზღვრული იყო, როგორც საწყისი დონის მოწყობილობა. თუმცა მწარმოებლებმა მართლაც ძალიან საინტერესო პროდუქტი შექმნეს და ბევრ საკითხში სჯობნიან ყველაზე ცნობილ კონკურენტებს.

პროგრამული უზრუნველყოფის საბაზისო, ძირითადი ფუნქციების გარდა შეიცავს მთელ რიგ საინტერესო ფუნქციებს. კერძოდ, ელწიგნში ჩაკერებულია კომპანია ABBYY Lingvo-ს ლექსიკონები. თუმცა ქართული არ არის (იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი უკრაინელი მეგობრები ამ საკითხს მალე მოაგვარებენ). ამის გარდა შესაძებლობა გეძლევათ იკითხოთ RSS-არხებით სიახლეები. თუმცა ჩემი ღრმა რწმენით ეს სრულიად ზედმეტია — წიგნი უნდა იყოს მხოლოდ წიგნი, Wi-Fi-ც არ არის საჭირო. თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია. მიკროკოდის შემადგენლობაში შედის რამდენიმე მცირე აპლიკაცია (ბრაუზერი, კალკულატორი, ჭადრაკი, საათი, რამდენიმე კაზუალური თამაში).

ძალიან მომეწონა, რომ შესაძლებელია ნებისმიერი ფიზიკური კლავიშის ფუნქციის ხელახალი განსაზღვრა. მაგალითად, ამ მიმოხილვის მომზადებისას ფრიად საჭირო გახდა ეკრანული სურათების გადაღება (ე.წ. Screenshots). ეს ფუქნცია ამ მოწყობილობაში არის, უბრალოდ არცერთ კლავიშზე არ არის „მიბმული“. ამიტომაც მე უბრალოდ ჩართვა/გამორთვის ღილაკზე დავსვი და მშვენივრად გადავიღე სურათები.
ამიტომ ალბათ ჯობია, რომ მოწყობილობის შესწავლა დავიწყოთ „პარამეტრების“ სექციიდან, სადაც ბევრი ნაგულისხმევი ფუნქციის შეცვლა არის შესაძლებელი.

მომხმარებელს შეუძლია არა მარტო მოირგოს მოწყობილობა როგორც მას სურს, არამედ შეინახოს ეს პარამეტრები მეხსიერების ბარათზე რამდენიმე მიზეზის გამო: გაუზიაროს მოწყობილობა სხვა მკითხველს (მაგალითად ოჯახში ერთი და იგივე წიგნს საზიაროდ იყოფენ ცოლ-ქმარი, თითოეულ მათგანს შეუძლია საკუთარი პარამეტრები ჰქონდეს), ანდა ჩადოს მეხსიერების ბარათი PocketBook-ის სხვა წიგნში და განაგრძოს წიგნის კითხვა სასურველი პარამეტრებით.

„პარამეტრების“ სექციაში კიდევ ბევრი საინტერესო რამ გახლავთ: ინტერფეისის ენის შეცვლა, მათ შორის ფრიად სასიამოვნოა, რომ ქართულიც არის წარმოდგენილი, რაც იმის მაჩვენებელია, რომ PocketBook უფრო ძველი ქართულენოვანი წიგნია, ვიდრე იოტა. ხოლო ორთავე რომ ჩინეთში იწყობა, ეს ალბათ ყველამ იცის. 3 კლავიატურის განლაგება, მომხმარებლების პროფილები, გარეგანი სახის შეცვლა, კლავიშების ხელახალი განსაზღვრა, თარიღი და დრო, Wi-Fi-ს პარამეტრები.

დამატებითი პარამეტრების სექციაში შეგიძლიათ ნახოთ: მიკროკოდის განახლება, პაკეტების წაშლა (არ გირჩევთ, თუ არ იცით რა შედეგს მიიღებთ), ლექსიკონების დაკონფიგურირება, შიდა მეხსიერების დაფორმატება, microSD-ბარათის დაფორმატება, მდგომარეობის გასუფთავება, კონფიგურაციის კოპირება და აღდგენა, განახლებების ავტომატური შემოწმება, ავტორიზაციის წაშლა.

მოწყობილობა მხარს უჭერს ელწიგნების ყველა გავრცელებულ ფორმატს.

ტესტირებისას მე გამოვიყენე ჩემო მეგობრის, ვასილ კეკელიას მიერ შექმნილი ქართული ელწიგნები ePUB ფორმატში, თუმცა წიგნს უკვე მოყვა რამდენიმე ათეული ელწიგნი სხვადასხვა ენაზე და ძირითადად FB2 ფორმატში, თუმცა აგრეთვე წარმდოგენილია PDF-ფორმატში არსებული წიგნებიც.

წიგნების კითხვის რეჟიმში მომხმარებელს შეუძლია თითქმის ყველაფრის მორგება. მოწყობილობა მხარს უჭერს ტექსტის ზომის, შრიფტის მოხაზულობის, სტრიქონთა შორის დაშორების შეცვლას, შესაძლებელია ტექსტის კოდირების ცვლილება საჭიროების შემთხვევაში, გამოსახულების მოტრიალება, ეკრანის განახლების ხარისხის მორგება და ა.შ.

ამას დავამატოთ ლექსიკონები, ანოტაციები, ჩანართები, ძებნა, შენიშვნები და ა.შ.

შედეგები

დადებითი მხარე: ხარისხიანი დამზადება და ხარისხიანი მასალები, მძლავრი პროგრამული უზრუნველყოფა, მრავალფეროვანი ფუნქციები, უამრავი ფორმატის მხარდაჭერა, კლავიშების ფუქნციების ხელახალი განსაზღვრა, Lingvo-ს ლექსიკონები, RSS-არხების მხარდაჭერა, მრავალმომხმარებლიანი გარემო, წიგნების კატალოგიზაციის მოხერხებული სქემა, ავტონომიური მუშაობის ხანგძლივი დრო.

უარყოფითი მხარე: მიკროკოდის მცირე შეცდომები (გამოსწორებადია შემდეგ ვერსიაში, რომლის დაყენებასაც თქვენთვითონ შეძლებთ), ელწიგნების მარაზიასთან წვდომის გართულებული სისტემა.