„ვარსკვლავური გზის“ სამყარო

სამყაროს დასახელება: „ვარსკვლავური გზა“ — „Star Trek“
წარმოშობა: 1966 წელი
შემქმნელი: ჯინ როდენბერი
ნაწარმოები: 5 ტელე-სერიალი, 11 ფილმი, მულტ-სერიალი, კომპიუტერული, ბანქოსა და სამაგიდე თამაშობები, ლიტერატურა, მუსიკა.

Star Trek
Star Trek

To boldly go where no man has gone before!

როდესაც „ვარსკვლავური გზა“ პირველად გამოვიდა ეკრანებზე 1966 წელს, ადამიანს ჯერ ფეხი არ დაედგა მთვარეზე, სამაგიეროდ ცივი ომი აქტიურ ფაზაში იყო, იღვრებოდა სისხლი ვიეტნამის ომში, ხოლო მომავალი აფრო-ამერიკელები იბრძოდნენ საკუთარი უფლებებისათვის. სერიალის სულის ჩამდგმელი, ჯინ როდენბერი იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი ჟანრის კანონების წინააღმდეგ წავიდა და მაყურებელს წარმოუდგინა მომავლის პოზიტიური ხედვა, რომელშიც კაცობრიობა უკეთესი გახდება, გადალახავს შინაგან წინააღმდეგობებსა და პრობლემებს და გაიაზრებს ბოლო-ბოლო, რომ აუცილებელია გაერთიანება უკიდეგანო სამყაროს წინაშე. „ვარსკვლავური გზა“ დაბეჯითებით აცხადებს, რომ უცხოპლანეტური რასები ჩვენს გალაქტიკაში ათობითაა და მრავალ მათგანთან დედამიწა არა მარტო კონტაქტში შევა, არამედ შექმნის გაერთიანებულ პლანეტათა ფედერაციას, რომელშიც როდენბერიმ კაცობრიობის საუკუნოვან ოცნებას მშვიდობიან თანაცხოვრებასა და ჰუმანისტურ წესრიგზე, ხორცი შეასხა.

სულ თავიდან „ვარსკვლავურმა გზამ“ ღირებულებათა მაღალი თამასა აიღო: უმაღლეს პრიორიტეტად ადამიანური ფასეულობები იქნა დაყენებული და არა ე.წ. „ექშენი“. ტყუილად კი არ იყვენენ მოწვეულნი სერიალის სცენარზე სამუშაოდ ფანტასიკური ჟანრის დიდი ოსტატები, თეოდორ სტარჯონი, ან ჰარლან ელისონი. ეს იყო ისეთი ფანტასტიკა, როგორიც უნდოდა დაენახა როდენბერის. ყოველი სერია, იმის გარდა, რომ საინტერესო კოსმიურ მოგზაურობას გვთავაზობს, ეხება აგრეთვე კონკრეტულ მიწიერ, აქტუალურ პრობლემებს, აიძულებს მაყურებელს დაფიქრდეს ამ ყველაფერზე. დასაშვებია, თუ არა მედიცინაში ცოცხალ ადამიანებზე ჩატარებული ცდების შედეგების გამოყენება? სად მდებარეობს ზღვარი, რომლის იქითაც ადამიანი არ უნდა ენდოს კომპიუტერს? როგორი შედეგები მოჰყვება ბიოლოგიური სახეობების სრულ განადგურებას? სერიალში ცოტაა ძალადობის ამსახველი სცენები, სამაგიეროდ მრავლადაა ისეთი სიტუაციები, რომლებიც ასახავენ ადამიანთა საუკეთესო თვისებებს — მეგობრობა, სიყვარული, ერთგულება, თვითშეწირვა. ძალიან კარგია აგრეთვე ის, რომ შემდგომი სერიელბის შემქმნელებმა არ გადაუხვიეს ამ ტრადიციას. და დღეისათვის ეს სამყარო რჩება სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკურ ნიმუშად, მის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად.

ფაქტები „ვარსკვლავური გზის“ შესახებ

მთელ მსოფლიოში ტრეკერები — „ვარსკვლავური გზის“ ფანებს ასე ჰქვიათ — გაერთოანებულნი არიან ათასობით კლუბში, მათმა რაოდენობამ დიდი ხანია გადააცილა მილიონებს. არ გეგონოთ, რომ ფანების ძირითად ოდენობას მოაზრდები შეადგენდნენ, სრულიად პირიქით. ცნობისათვის, NASA-ს პერსონალის 70% — ტრეკერია. მხოლოდ აშშ-ში მოსახლეობის ნახევარი საკუთარ თავს ამ სერიალის მოყვარულად აცხადებს.

ამერიკული ისტორიის ეროვნულ მუზეუმში (აშშ) წარმოდგენილია ლეგნედარული „ენტერპრაიზის“ მოდელი.

ფანების დამსახურებაა აგრეთვე ისიც, რომ სერიოზულად განვითარდა კლინგონური ენა — თავისი გრამატიკით, ლექსიკონით და გამოთქმის წესებით. კლინგონურ ენაზე ნათარგმნია ბიბლია, „ჰამლეტი“ და სხვა წიგნები.

სერიალის შემქმნელმა, ჯინ როდენბერიმ ღირსეულად დაიკავა ადგილი ვარსკვლავთა შორის. 1997 წლის 21 აპრილს თვითმფრინავის „ლოკჰიდ-1011“ ბორტიდან, 10 კილომეტრის სიმაღლეზე, სტარტი აიღო რაკეტამ „პეგასი“, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში პირველად გაიტანა ორბიტაზე გარდაცვლილ ადამიანთა ნეშტი. მათ შორის იყო როდენბერიც.

ტრეკერების გარდა არსებობენ „ტრეკი“ — სერიალის მოყვარულები, რომლებსაც უბრალოდ კი არ უყვართ ეს სერიალი, არამედ საზრდოობენ ამ სერიალით. მათ შესახებ ორი დოკუმენტური ფილმია გადაღებული.

გზა წარმატებისაკენ

ჯინ როდენბერი დაიბადა 1921 წელს. მას არ მიუღია პროფესიული კინო-განათლება, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაწყვიტა ტელე-სცენარისტი გამხდარიყო. თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჯინმა გზა გაიკაფა და ბოლო-ბოლო იპოვნა თავისი გზა — სამეცნიერო-პოპულარული სერიალის იდეა, რომელიც მოგვითხრობს კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟზე, ახალი ცივილიზაციების აღმოსაჩენად რომ გაემგზავრა გალაქტიკაში. მთავარი სიუჟეტური მიმართულება, როდენებრის ჩანაფიქრით, უნდა გამხდარიყო არა თვითონ თავგადასავალი, არამედ ადამიანთა ქცევა, რომლებიც უჩვეულო სიტუაციებში აღმოჩნდებიან. 1964 წელს ეთერში გავიდა „ვარსკვლავური გზის“ სულ პირველი ეპიზოდი, მაგრამ შემდგომში სერიალის გადაღება შეწყდა და მთელი ორი წელი დასჭირდა ჯინ როდენბერის ჰოლივუდური კომპანიების გულის მოსაგებად. ცნობილმა „MGM“-მა უარი უთხრა. CBS თავიდან დაინტერესდა პროექტით, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი ფანტასტიური სერიალი გადაეღო. საბოლოოდ სტუდია NBC-მ მიიღო გადაწყვეტილება საპილოტე ვერსიის გადაღებაზე და სერიალის პირველი სეზონი როგორც იქნა გავიდა ეთერში. თუმცა წარმატება დიდხანს არ გაგრძელებულა — სამი სეზონის გასვლის შემდეგ NBC-მ დახურა პროექტი. მიზეზი წმინდა კომერციული იყო: სერიალის გამოსვლას დიდი წარმატება არ მოჰყოლია. და თუმცა მესამე სეზონის გამოსვლა მთლიანად ფანების დამსახურება იყო, რომლებმაც წერილებით აიკლეს სტუდია მოთხოვნით გადაეღოთ გაგრძელება, პროდიუსერებს არ ჰქონდათ იმედი შემდგომი პოპულარობისა.

თუმცა მერე მოხდა პატარა სასწაული. სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, სერიალის განმეორებითი ჩვენებისას, მან მეორე სიცოცხლე შეიძინა. ამ მომენტიდან დაიწყო მისი ტრიუფალური სვლა ჯერ ამერიკაში, ხოლო შემდგომ უკვე მთელს მსოფლიოში. ორმოცზე მეტი წლის წინათ როდენებრის ოცნებაც არ შეეძლო ასეთ წარმატებაზე: არა მარტო ახალი სერიალები, არამედ მხატვრული ფილმები, ასობით რომანი, უამრავი თანმდევი სასუვენირო პროდუქცია. დღეს „ვარსკვლავური გზა“ — ჯინ როდენებრისა და მისი კაცობრიობისადმი რწმენის შთამბეჭდავი ძეგლია. რისი სწამდა ჯინ როდენბერის?

მესამე მსოფლიო ომის ფერფლიდან აღმდგარი

თანახმად „ვარსკვლავური გზის“ სიუჟეტისა, 21 საუკუნის პირველ ნახევარში NASA-მ ვარსკვლავური მოგზაურობის როგორც მინიმუმ სამი მცდელობა განახორციელა სინათლის სიჩქარემდელი კოსმიური ხომალდებით. ყველა ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა, ხოლო პროგრამის შემდგომ განვითარებას მესამე მსოფლიო ომმა შეუშალა ხელი. ის მოხდა 2053 წელს და 600 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საყოველთაო ქაოსი და გაპარტახება თითქმის ათი წელი გრძელდებოდა, ხოლო „ატომური კოშმარის“ შედეგები მინიმუმ 22 საუკუნამდე გაგრძელდა.

კაცობრიობის აღორძინების გზაზე პირველი ნაბიჯი გახდა სინათლის სიჩქარის ზღვარის გადალახვა. 2063 წლის 5 აპრილს სტარტი აიღო პირველმა ხომალდმა ვარპ-ძრავით — „ფენიქსი“. მისი შემქმნელმა, მეცნიერ-გამომგონებელმა ზეფრამ კოქრეინმა ხომალდი საკონტინტთაშორისო რაკეტისგან ააწყო. „ფენიქსმა“, მიაღწია რა სინათლის სიჩქარეს, უზრუნველყო პირველი დოკუმენტურად დადასტურებული კონტაქტი ადამიანებსა და უცხოპლანეტელებს შორის: ხომალდის გაფრენა შეამჩნიეს ვულკანელთა ხომალდიდან, რომელმაც იმ მომენტში მზის სისტემას ჩაუარა გვერდით.

„ფენიქსის“ ისტორიულ გაფრენას სხვებიც მოჰყვა, მაგრამ კაცობრიობის მცელობა, მიეღწია ზესინათლის სიჩქარეებისათვის, მტკივნეულად ნელა ხორციელდებოდა. ტექნოლოგიურად გაცილებით უკეთ განვითარებული ვულკანელები უარს ამბობდნენ მიეცათ დედამიწელებისათვის თავისი ცოდნა და საერთოდ ზემოდან დაჰყურებდნენ კაცობრიობის მისწრაფებას ვარსკვლავთშორის ნაოსნობაზე. გასაკვირი არაა, რომ თითქმის ოთხმოცდაათი წლიანი დილპომატიური ურთიერთობის განმავლობაში ორი რასის დაახლოება დიდად არ წაწეულა წინ. კაცობრიობა ნელა, გაჭირვებით, მაგრამ მაინც ითვისებდა კოსმოსს.

2151 წელი. ორბიტალური დოკებიდან გამოდის „ენტერპრაიზი“ — დედამიწელთა პირველი ვარსკვლავთმფრენი, რომელიც იდეალურია კოსმიური კვლევებისათვის. მის ულტრათანამედროვე ძრავებს შეუძლიათ ხომალდის აჩქარება ვარპ-5 სიჩქარემდე, რაც ბევრად აღემატება სინათლის სიჩქარეს (ვარპ ტექნოლოგიაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ მომდევნო სტატიებში). დედამიწელებს მიეცათ არაჩვეულებრივი შანსი გამოიკვლიონ გალაქტიკა. თუმცა ისინი არ შემოიფარგლნენ ახალი პლანეტების გაუაზრებელი კოლონიზაციით. დიპლომატიური ურთიერთობებისა და მოლაპარაკებების რამდენიმე ათეული წლის შემდეგ შეიქმნა პლანეტათა გაერთიანებული ფედერაცია — დამოუკიდებელ ცივილიზაციათა კავშირი, რომლის მიზანია ერთობლივი კვლევები, ვაჭრობა, კულტურული განვითარება, დიპლომატიური ურთიერთობა და რაღათქმაუნდა მხარდაჭერა თავდაცვის საკითხებში. ფედერაციის ტერიტორია გადაიჭიმა ასორმოცდაათ სინათლის წლის მანძილზე, მაგრამ ადამიანები უფრო შორსაც წავიდნენ. ვარპ-ძრავები სულ უფრო ძლიერდებოდა, 23 საუკუნეში პირველი „ენტერპრაიზი“ ნელ ხომალდათ ჩაითვლებოდა, მისი შემდგომი ვერსიები გალაქტიკის სულ უფრო მიყრუებულ ადგილებს აღწევდნენ და ადამიანების დასახლებები ძალიან შორეულ პლანეტებზეც გაჩნდა.

„ვარსკვლავური გზის“ სამყაროს ჩვენ ვარსკვლავნაოსნების თვალებით ვხედავთ. ხუთი ეკიპაჟი, ხუთი ვარსკვლავთმფრენი (უფრო სწორედ, ოთხი ხომალდი და ერთი კოსმოსური სადგური) — და მოვლენათა უამრავი რაოდენობა. ვარსკვლავთმფრენი „ვიაჯერი“ წარმატებულად ბრუნდება დელტა-კვადრანტიდან, ეს სამოცდაათი ათასი სინათლის წლის მანძილია. კოსმოსური სადგურის „ღრმა კოსმოსი-9“ ეკიპაჟი ღირსეულად უმკლავდება დომინიონის შემოტევას. ხომალდების „ენტერპრაიზი-D“ და „ვოიაჯერის“ ეკიპაჟები ხვდებიან უსულგულო ბორგებს და გამარჯვებულები გამოდიან მათთან ომში. დედამიწელებს მუდმივად უწევთ იმის დამტკიცება (პირველ რიგში — საკუთარი თავისათვის), რომ ისინი სრულიად დამოუკიდებელი რასაა, რომელსაც ხელეწიფება თანაბარ დონეზე იარსებობს სხვა გინიერი რასების გვერდით გალაქტიკაში.

კაცობრიობის განვითარების (ხოლო შემდგომ ფედერაციისაც) „ვარსკვლავური გზა“ სერიალებში გათვლილია ოცდამეოთხე საუკუნის ჩათვლით. ყოველი ასწლეული — გლობალური ცვლილებების და რყევების მომტანია. ოცდამეორე საუკუნე — ომები ზინდისა და რომულანთა რასებთან, ფედერაციის ჩამოყალიბება. ოცდამესამე საუკუნე — ფედერაციის ბობოქარი განვითარება, კონფლიქტი კლინგონებთან, რაც კინაღამ ომში გადაიზარდა და ათეულობით წლის შემდეგ დაზავების ხელშეკრულებით დასრულდა. ოცდამეოთხე საუკუნე — კლინგონების ფედერაციაში გაწევრიანება, სამი უსერიოზულესი კონფლიქტის დაწყება: ბორგებთან, კარდასიელებთან და დომინიონთან. მაგრამ მიუხედავად ამისა, კაცობრიობა ყოველთვის საკუთარ თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს.

Star Trek Series
Star Trek Series

რა და რამდენია საყურებელი

„ვარსკვავური გზა“ მცირეოდენი შესვენებებით 1966 წლიდან გადის ცისფერ ეკრანებზე. ამ პერიოდში გამოვიდა ხუთი ჩვეულებრივი და ერთი მულტიპლიკაციური სერიალი — საერთო დაჯმში 630 სერია, ასევე თერთმეტი სრულმეტრაჟიანი ფილმი და მეთორმეტე წელს, მაისში, ანუ ამ კვირებში გამოდის. თუ თქვენ მთლიანად გსურთ „ვარსკვავური გზის“ ყურება, ამაზე 500 საათზე მეტი დაგჭირდებათ.

ტელე-სერიალები

„Star Trek: The Original Series“ (TOS), 1966 — „კლასიკური“ სერიალი (3 სეზონი);
„Star Trek: The Next Generation“ (TNG), 1987 — „ახალი თაობა“ (7 სეზონი);
„Star Trek: Deep Space Nine“ (DS9), 1993 — სადგური „შორეული კოსმოსი 9“ (7 სეზონი);
„Star Trek: Voyager“ (VOY), 1995 — „ვოიაჯერი“ (7 სეზონი);
„Enterprise“ (ENT), 2001 — „ენტერპრაიზი“ (4 სეზონის შემდეგ გადაღება შეწყდა);
„Star Trek: The Animated Series“ (TAS), 1973 — მულტიპლიკაციური სერიალი (2 სეზონი).

მხატვრული ფილმები

„Star Trek: The Motion Picture” („ვარსკვლავური გზა“, 1979).
„Star Trek: The Wrath Of Khan” („ხანის რისხვა“, 1982).
„Star Trek: Search For Spock” („სპოკის ძიებაში“, 1984).
„Star Trek: The Voyage Home” („მოგზაურობა შინისკენ“, 1986).
„Star Trek: The Final Frontier” („ბოლო ზღურბლი“, 1989).
„Star Trek: The Undiscovered Country” („აღმოუჩენელი ქვეყანა“, 1991).
“Star Trek: Generations” („თაობები“, 1994).
„Star Trek: First Contact” („პირველი კონტაქტი“, 1996).
„Star Trek: Insurrection” („აჯანყება“, 1998).
„Star Trek: Nemesis” („შურსძიება“, 2002).
„Star Trek“ („ვარსკვლავური გზა“, 2009);
„Star Trek: Into Darkness“ („ვარსკვლავური გზა: სიბნელეში“, 2013).

ცოცხალი სამყარო

„ვარსკვლავურ გზაში“ რასები ბევრი კი არ არის, არამედ ძალიან ბევრია. აი მათი ძალიან არასრული სია: ადამიანები, ანდორიელები, ბეტაზოიდები, ბაჯორელები, ბორგები, დამაარსებლები, დენობულელები, ვორტები, ვულკანელები, კაზონები, კარდასიელები, კლინგონები, ოკამპა, ორგიანელები, ორიონოლები, რომულანები, სახეობა 8472, ტალაქსიანელები, ტრილები, ფერენგი, ჯიმ-ჰადარი, ქიუ… და ეს არ არის სრული სია (რასებზეც ცალკე სტატიათა ციკლი გვექმება აუცილებლად).

შესაძლოა, ბევრი მაყურებელი გაღიზიანდა იმ ფაქტით, რომ პრაქტიკულად ყველა სამყარო, სადაც ვარსკვლავური ფლოტის წარმომადგენლები ხვდებიან, დასახლებულია ჰუმანოიდური რასებით. ზოგიერთი ქილიკობს კიდევაც ამაზე: გადაღების დროს კოსტუმებსა და გრიმზე ეკონომიის მიზნით მოხდა ეს ყველაფერიო. მაგრამ ამ ფაქტს თავისი ახსნა აქვს „ვარსკვლავური გზის“ სამყაროში — მრავარიცხოვანი ჰუმანოიდური რასების არსებობა შედეგია პლანეტათა „განაყოფიერების“ პროგრამისა, რომელიც უხსოვარ დროს განახორციელეს გალაქტიკის უხუცესმა მაცხოვრებლებმა: ნათლიებმა, სარგონის მაცხოვრებლებმა.

სერიალის მოქმედება ჩვენს გალაქტიკაში, „ირმის ნახტომი“, ხდება. სწორედ იმ გალაქტიკაში, რომლის დანახვა ყოველ ღამით შეუიარაღებელი თვალით შეგვიძლია. რათა უფრო ადვილად მოვახდინოთ ათასობით ვარსკვლავს შორის ორიენტაცია, გალაქტიკა პირობითად ოთხ კვადრანტად არის გაყოფილი. ალფა-კვადრანტში განთავსებულია ფედერაცია და მზის სისტემა, ასევე ფერენგების სავაჭრო იმპერია და კარდასიანელები. ის ყველაზე უკეთ არის შესწავლილი ადამიანების მიერ. ბეტა-კვადრანტში კიდევ ორი იმპერიაა: კლინგონების და რომულანების. გამა-კვადრანტის შესწავლა ახალი დაწყებულია, მაში მოხვედრა განსაკუთრებული სივრცისმიღმული გვირაბით შეიძლება, რომელსაც იცავს სადგური „შორეული კოსმოსი 9“ და რომელიც ცოტა ხნის წინ გადმოეცა ფედერაციას. აქ განთავსებულია დომინიონის ალიანსი. და ბოლოდ დელტა-კვადრანტის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია მოიპოვება. დასაბუთებულად ცნობილია მხოლოდ ის, რომ კვადრანტი თითქმის მთლიანად ბორგების ხელშია. ბორგებს საერთოდ არ გააჩნიათ ინდივიდუალურობა, გაერთიანებულები არიან კოლექტიურ ცნობიერებაში. ისინი ასიმილირებენ ნებისმიერს და თავის მსგავსად აქცევენ.

რა და რამდენია წასაკითხი

რომანებისა და მოთხრობების რაოდენობა, რომლებიც აშშ-ში გამოიცა ამ ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში, დიდი ხანია 600 გადასცდა, ხოლო მათმა საერთო ტირაჟმა 63 მილიონის ნიშნულს დიდი ხანია გადააბიჯა. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ზუსტი რაოდენობა არავინ არ იცის, არც გამომცემლებმა, არც ფანატებმა. პრაქტიკულად თითოეული მსხვილი ფანტასტი მწერალი საჭიროს თვლის დაწეროს ერთო-ორი ნაწარმოები მაინც ამ თემის გარშემო.

ВЕАM ME UP, SCOTTY!

ამასინდელმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბევრი ადამიანი მთელ მსოფლიოში თვლის, რომ ის არის ჰობიტი, ჯედაი, ან სხვა ფანტასტიური პერსონაჟი. „ვარსკვლავური გზა“ კიდევ უფრო შორს წავიდა: მას შეუძლია დაიკვეხნოს არა მარტო მილიონობით ფანით, არამედ უშუალო ზემოქმედებით კაცობრიობის ტექნიკური განვითარებაზე. კომპიუტერული „იურული პერიოდის“ განმავლობაში, როდესაც ელექტონულ-გამომთვლელი მანქანები მთლიან ოთახებს იკავებდნენ, ტელესერიალის გმირები ინფორმაციას იწრდნენ მოწყობილობებზე, რომლებიც ძალიან წააგავს თანამედროვე დისკებს, ერთმანეთან კაშირს ამყარებდნენ მოწყობილოებით, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მობილურ ტელეფონებს. NASA-ს სპეციალისტებმა აღიარეს, რომ ზოგიერთი მოწყობილობა, რომელიც ნაცვენებია სერიალში, ათვლის წერტილი გახდა რეალური მოწყობილობების შექმნის პროცესში. აქ მაყურებელმა პირველად ნახა უნემსო ინექციის შპრიცები, ასევე სრული სამედიცინო თვალთვალის მოწყობილობები. რაც შეეხება მატერია-ანტიმატერიის თეორიას, ვერცერთ სხვა ფანტასტიურ ნაწარმოებში ვერ ნახავთ ამდენ ინფორმაციას.„ვარსკვლავური გზა“ ნადვილი წყარო გახდა მეცნიერთა და გამომგონებელთა იდეებისათვის.

„ვარსკვლავური გზის“ ერთგვარი სამეცნიერო დამსახურება გახლავთ ფაქტი, როდესაც NASA-ს მრავალჯერადი გამოყენების პირველ კოსმოსურ ხომალდს მიენიჭა სახელი „ენტერპრაიზი“. სერიალის ფანებმა ასობით ათასი წერილით აავსეს კოსმოსური კვლევის სამმართველო მოთხოვნით სწორედ ეს სახელი დაერქმიათ ხომალდისათვის.

რათქმაუნდა, მოუმზადებელი მაყურებლისათვის რთულია სერიალის გმირების დიალოგების მოსმენა იმ მომენტებში, როდესაც ისინი საუბრობენ, მაგალითად, გამოიწვევს თუ არა პლაზმოგენერატორის ზემოქმედება ტრანსმუტაციურ პროცესებს ორგანიზმში, რა მოხდება, თუ ინჟექტორულ აკუმულატორებს მივუერთებთ ანტიმატერიის დამგროვებელს, ან როგორ იმოქმედებს ნეიტრონული ვარსკვლავის გამოსხივება ძრავის გონდოლას შალითაზე და ხომ არ დააზიანებს ეს ტრანსპოტატორის მაგნიტურ რელეებს. მაგრამ ზუსტად ასეთი მომენტები აღძრავენ ავანტიურიზმის სულს, ახალი ცოდნის მიღების სურვილს — და აი ჩვენ უკვე დამოუკიდებლად ვიღებთ თაროდან სახელმძღვანელოს, ან ცნობარს და შემდეგ სერიებში ყურადრებით ვადევნებთ თვალ-ყურს სიუჟეტს და მეგობრებთან ერთად ვარჩევთ ტექნიკურ სიახლეებს.

სერიალში ნაჩვენები სხვადასხვა ტექნოლოგია, რათქმუნდა ჯერ კიდევ ელოდება რეალურ ხროცშესხმას. ჯერ კიდევ ძალიან შორია ვარპ-ძრავის შექმნამდე (თუმცა NASA-ში უკვე დაიწყეს ამ მიმართულებით მუშაობა), რომლის გარეშე უახლოეს ვარსკვლავებამდე მოგზაურობას წლები დასჭირდება, სინათლის სიჩქარითაც რომ ვიმოძრაოთ. ფიზიკოსები ჯერ მხოლოდ ზედაპირულად შეეხნენ ტრანსპორტატორის მუშაობის პრინციპს — მოწყობილობისას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გადაადგილება გარკვეულ მანძილზე „სხივის საშუალებით“: პლანეტაზე, სხვა ხომალდზე და ა.შ. და ეს კიდევ ყველაფერი არაა, სერიალის გმირები სარგებლობენ რეპლიკატორებით, ფაზერებით, ფოტონური ტორპედოებით, ტრიკოდერებით, ჰოლოდეკებით — ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ „ვარსკვლავური გზის“ სამყაროში არსებული სამეცნიერო-ტენიკური პროგრესის შესახებ მოდი სხვა სტატიაში ვისაუბროთ.

რა და რამდენია სათამაშო

საყვარელი გმირების ტყავში ყოფნა — ნებისმიერი ფანტასიკური, ან ფენტეზი საგის მოყვარულის სანუკვარი ოცნებაა. ტრეკერები აქაც პირველები არიან: პირველი კომპიუტერული თამაში სამოცდაატაინი წლბის ბოლოს გამოვიდა, ხოლო საკოლექციო ბანქოს თამაში — სულ ცოტა ხნის შემდეგ.

ვირტუალური თავგადასავლები

1968 წელს ამერიკის კომპიუტერებზე გაჩნდა თამაში „Star Trek“. მისი ავტორი უცნობია, მაგრამ თავბრუდამსხმელი წარმატებისათვის ამას ხელი არ შეუშლია. მარტივი სიუჟეტისა და პრიმიტიული გრაფიკის მიუხედავად თამაში ფანტაზიის გაქანების დიდ შესაძლებლობას იძლეოდა. თავიდან თამაში სტრატეგიული თამაშების წინაპარს წარმოადგენდა. სათამაშო ველი — უჯრებად დაყოფილი კვადრატი, „კოსმოსის სექტორი“. ამ სექტორებში დაფრინავდა ლეგენდარული „ენტერპრაიზი“. ასევე სექტორებში განთავსებული იყო ვარსკვლავები, ვარსკვლავური ბაზები და რათქმაუნდა კლინგონები (ანუ მტრები), რომლებიც უნდა გაგვენადგურებინა. ხომალდს შეეძლოს ფრენა, ფაზერებიდან და ტორპედული აპარატებიდან სროლა.

ახლა არ არსებობს თითქმის არცერთი პლათფრომა, რომლისთვისაც არ არსებობს ამ სამყაროზე დაფუძნებული კომპიუტერული თამაში.

აი მხოლოდ ყველაზე ცნობილი კომპიუტერული თამაშები:

„Star Trek: The Next Generation—A Final Unity“ (1995)
„Star Trek Deep Space Nine: Harbinger“ (1996)
„Star Trek Generations“ (1997)
„Star Trek: Starfleet Academy“ (1997)
„Star Trek The Next Generation: Klingon Honor Guard“ (1998)
„Star Trek The Next Generation: Birth of the Federation“ (1999)
„Star Trek: Starfleet Command“ (1999)
„Star Trek: Armada“ (2000)
„Star Trek: Klingon Academy“ (2000)
„Star Trek: Voyager Elite Force“ (2000)
„Star Trek: Deep Space Nine: The Fallen“ (2000)
„Starfleet Command Volume II: Empires at War“ (2000)
„Star Trek Away Team“ (2001)
„Star Trek: Deep Space Nine: Dominion Wars“ (2001)
„Star Trek: Armada II“ (2001)
„Star Trek: Starfleet Command III“ (2002)
„Star Trek Bridge Commander“ (2002)
„Star Trek Elite Force II“ (2003)

სამაგიდე თამაშობები

საკოლექციო ბანქოს თამაშობის პირველი გამოშვება „Star Trek Customizable Card Game“ გამოვიდა 1994 წელს. მის შემდეგ თხუთემტამდე განახლება მიიღო ამ თამაშმა, ხოლო ბანქონს საერთო რაოდენობამ 1600 ცალს გადააჭრბა. მეორე რედაქცია გამოვიდა 2002 წელს.

თამაში აგებულია იმავე პრინციპით, რაც „ვარსკვავური გზის“ სერიები. ხომალდი მიფრინავს კოსმოსის რომელიმე ნაწილში და ეკიპაჟი ცდილობს მასზე დაკისრებული დავალების შესრულებას. პარარელურად წარმოიშობა პრობლემები, რომლებიც უნდა დაძლიო. მისიის შერულებისათვის მოთამაშეს ერიცხება ქულები. გამარჯვებისათვის საჭიროა 100 ქულის დაგროვება. მოთამაშეებს შეუძლიათ თავს დაესხნან ერთმანეთს, მოაწყონ ხომალდებისა და ეკიპაჟების შერკინება. შეგიძლიათ ითამაშოთ „შედეგზე“, ან — „ინტერესზე“.

ვარსკვლავთ-მოგზაურნი

როგორც ცნობილია, ჟანრის კანონების თანახმად სერიალისათვის სიუჟეტი მთავარი არ არის — ის იყოფა, ნაწილდება ცალკეულ ეპიზოდებად. სერიალის ყურადღების ცენტრში — მოქმედი პირები არიან, რომელთა, თუ გნებავთ ასე დავარქვათ, დამაჯერებლობაზე დამოკიდებულია სერიალის წარმატება და პოპულარობა.

„ვარსკვლავური გზის“ ეპოპეა არ გახდა გამონაკლისი ამ თვალსაზრისით და გმირი აქაც არის, უფრო სწორედ, გმირები. თავიდან, როგორც ცნობილია, არსებობდა ვარსკვლავთმფრენი „ენტერპრაიზი“, რომელსაც, როგორც ნებისმიერ ხომალდს ჰყავდა თავისი ეკიპაჟი. რათქმაუნდა ეკიპაჟის ყველა წევრი ვერ გახდება გმირი: მაყურებელს უბრალოდ თვალები გაექცევა. როდენბერიმ გონივრულად გამოჰყო ძირითადი ჯგუფი და „გააცოცხლა“ ისინი, მისცა რა თითოეულ მათგანს ხასიათის უნიკალური ნიშნები, თავისებურებები, ღირსებები და მანკიერებებიც კი. ასე მაგალითად, ჩვენს წინაშე წარსდებიან გაბედული ჯეიმს კირკი, ლოგიკური მისტერ სპოკი, თავქარიანი ლეონარდ მაკკოი. ეს მოქმედი პირები ძალიან დამაჯერებელნი აღმოჩნდნენ, მათ შეინარჩუნეს საკუთარი ინდივიდუალურობა, მიუხედავად სიუჟეტის მრავალგზის შემობრუნებისა. კაპიტანი კირკი (უილიამ შატნერი) კოსმოოპერების კლასიკური გმირია, გამოცდილი „კოსმიური მგელი“. მისტერ სპოკი (ლეონარდ ნიმოი), პლანეტა ვუკანის მკვიდრისა და დედამიწელი ქალის პირმშო, წვეტიანი ყურებითა და სრულიად ლოგიკური აზროვნებით. აუღელვებელი და ემოცებს სრულიად მოკლებული, ის კაპიტან კირკის სრულიად საპირისპირო პერსონაჟია. დოქტორი ლეონარდ მაკკოი (დეფორესტ კელი) — შესანიშნავი ქირურგია, გააჩნია არაჩვეულებრივი იუმორი გრძნობა. ერთ-ერთი გაბედული ნაბიჯი სამოციანი წლებისათვის გახლდათ შავკანიანი ქალი პერსონაჟის შეყვანა სერიალში — კავშირის ოფიცერი უჰურა. ასევე აშშ-სთვის არაორდინალური ნაბიჯი — რუსი პერსონაჟი — ნავიგატორი პავლე ჩეხოვი. არიან სხვა ერების წარმოამდგენლებიც: შოტლანდიელი მთავარი ინჟინერი მონტგომერი სკოტი, იაპონელი მესაჭე ჰიკარუ სულუ. ეკიპაჟის სწორედ ეს წევრები არიან მთავარი გმირები, სწორედ ისინი ხვდებიან კამერის ობიექტივში ყველაზე ხშირად, როდესაც საქმე არაჩვეულებრივ თავგადასავლებს ეხება.

მოგვიანებით, როდესაც „ენტერპრაიზის“ პირველი ეკიპაჟი შეიცვალა და მოვიდა „შემდეგი თაობა“, გმირების შემადგენლობა განახლდა. ახალი დრო — ახალი ხასიათები, ახალი ინტერესები. ანდროიდი დეიტა, მთელი სერიალის „შემდეგი თაობა“ განმავლობაში ცდილობს გახდეს ადამიანი, თუნდაც ერთი წამით. ის ვერც კი ხვდება, რომ ძალიან ბევრ სიტიაციაში უფრო ადამიანურია, ვიდრე ისინი, ვისაც უნდა რომ ჰგავდეს. კლინგონი ვორფი — ამ რასის პირველი წარმომადგენელია ვარსკვლავურ ფლოტში. კაპიტანი — ფარნგია, მრჩეველი — ტელეპატი ბეტაზოიდების პლანეტიდან. და კვლავ, ახალი ხასიათები, ახალი ვარსკვლავმფრენები. მოკლედ, ეკიპაჟი ყოველთვის მარავალნაციონალურია.

* * *

ერთი მოკლე სტატია სრულიად არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩემს მკითხველს გავუზიარო „ვარსკვლავური გზის“ უკიდეგანო სამყაროს ჩემი სიყვარული. აქ შევეცადე რაც შეიძლებოდა მოკლედ მომეთხრო, აქცენტები გამეკეთებინა ძირითად მომენტებზე. შევეცდები შემდეგ სტატიებში უფრო დეტალურად მოგიყვეთ ყველაფერის იმის შესახებ, რასაც ჰქვია „ვარსკვლავური გზის“ არაჩვეულებრივი სამყარო!

დარჩით ჩვენთან!

და, Live Long And Prosper!