Blackberry PlayBook-ის დეტალური მიმოხილვა

ამ გაზაფხულზე ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გაყიდვაში გამოჩნდა BlackBerry PlayBook. უნდა ითქვას, რომ ამ პლანშეტისადმი დიდი ყურადღება მიპყრობილი იყო ჯერ კიდევ გასული წლიდან, როდესაც მოხდა მისი ოფიციალური ანონსი. კომპანიის Research-In-Motion (RIM), ბიზნეს-გარემოში პოპულარული სმარტფონების, BlackBerry-ს მწარმოებლის წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში დაპირებებით გვავსებდნენ, გადაჰქონდათ ტაბლეტის გამოშვების თარიღი, ცვლიდნენ ფასს და ა.შ. და აი, ბოლო-ბოლო მოწყობილობა გამოჩნდა გაყიდვაში. მე შევძელი ერთი ეგზემპლარის მიღება ტესტირებისათვის და ახლა მოგახსენებთ ჩემს პირად აზრს.

უნდა ითქვას, რომ iPad-ის სხვა, მრავალ კონკურენტს შორის, რომლებიც უკვე გამოვიდა გაყიდვაში, ან სულ მალე გამოვა, PlayBook გამოირჩევა ერთი თავისებურებით: ის მუშაობს საკუთარი საოპერაციო სისტემით — BlackBerry tablet OS (რომელიც დაფუძნებულია QNX Neutrino-ზე). მომხმარებლისათვის ეს პლიუსიცაა და მინუსიც. ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ, მანამდე კი გეტყვით, რომ პლანშეტების ბაზარზე კიდევ ერთი ახალი საოპერაციო სისტემა გამოჩნდა. მეტსაც გეტყვით, ეს უბრალოდ სმარტფონის ოს-ის ნაირსახეობა კი არ არის, არამედ სრულფასოვანი საოპერაციო სისტემაა, თავისი უნიკალური შესაძლებლობებითა და პრინციპიალურად განსხვავებული ინტერფეისით.

კომპლექტაცია

BlackBerry PlayBook მოთავსებულია კვადრატული ფორმის ფრიად სიმპათიურ კოლოფში (ფორმ-ფაქტორი განსხვავდება ბაზარზე არსებული გადაწყვეტილებებისაგან და თავიდანვე იქცევს ყურადღებას). კოლოფში, გარდა უშუალოდ პლანშეტისა, შეგვიძლია დავინახოთ ბუკლეტები და სარეკლამო ფურცლები რამდენიმე ენაზე, Micro-USB — USB კაბელი, დამტენი მოწყობილობა და პლანშეტის შალითა.

შალითაზე ოდნავ დეტალურად მოგახსენებთ. ის ფრიად ხარისხიანი და ლამაზი რამ გახლავთ. დამზადებულია რბილი, მაგრამ არა თხელი ელასტიკური ნაჭრისაგან. კარგად იცავს პლანშეტის დარტყმებისაგან (თუმცა სიმაღლიდან ვარდნისაგან ვერ დაიცავს მოწყობილობას).

დიზაინი

BlackBerry-ს მოწყობილობები არასოდეს არ იყო ლამაზი (ეს ჩემი პირადი აზრია და გამყარებულია Apple-ის მოწყობილობების ულამაზესი დიზაინით). თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ ორიგინალური დიზაინით და მათში ხარისხისა და გამძლეობის მომენტი ყოველთვის იგრძნობოდა. PlayBook ზუსტად ასეთი პროდუქტია. პირველი შეხედვით ნამდვილად ვერ მოვიხიბლე. მაგრამ, როგორც კი ხელში აიღებ მას, ცოტა ხანი იმუშავებ მასთან, მიხვდები, თუ რატომ უყვართ ამერიკელ ბიზნესმენებს კომპანია RIM-ის პროდუქტები: კორპუსის სასიამოვნო, რეზინა შერეული მასალა, აწყობის უმაღლესი ხარისხი, მკაცრი, „არაგლამურული“ გარეგანი სახე — ზუსტად ასეთი მოწყობილობის ნახვას ელოდები სერიოზული, სოლიდური მამაკაცის ხელში.

დიზაინის მნიშვნელოვანი მომენტი: ეკრანის მხარეს მოწყობილობას არ გააჩნია არცერთი ღილაკი. ამან თავიდან ფრიად გამაკვირვა და დამაბნია კიდევაც. სიმართლე ითქვას, დაახლოებით 10-15 წუთი დამჭირდა იმისათვის, რომ მივმხდარიყავი, თუ როგორ იმართება ფანჯრები ამ მოწყობილობაში. ამაზეც ოდნავ ქვემოთ მოგახსენებთ.

ყველა ღილაკი, რომელიც დაგჭირდებათ მუშაობისას, ატანილია პლანშეტის ზედა წიბოზე: ჩართვის პატარა, მრგვალი ღილაკი და ხმის მართვის სამი ღილაკი (ხმის დაწევა, დაკვრა/გაჩერება, ხმის აწევა).

სხვათაშორის, თუ ერთდროულად დავაჭერთ ხმის ორივე ღილაკს, პლანშეტი ეკრანს გადაუღებს სურათს (ე.წ. სკრინშოტს). აი პლანშეტის ჩართვა-გამორთვა კი უხეიროდ არის შესრულებული, ღილაკი იმდენად პატარაა, რომ ფრჩხილითაც კი ძნელია მასზე დაჭერა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ღილაკზე დაჭერა მაშინაც საჭიროა, როდესაც მოწყობილობის დაძინება გვსურს, გამოჩნდება მისი უდიდესი მინუსი. მეორე მხრივ, ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულია მოწყობილობის გამორთვისა და დაძინების პროგრამული ღილაკები. სიმართლე გითხრათ, მე მხოლოდ მათი საშუალებით ვაძინებდი ტაბლეტს. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ BlackBerry PlayBook-ის ძილის რეჟიმიდან გამოყვანა ხდება ეკრანზე ჰორიზონტალურად თითის გადასმით. ფრიად მოსახერხებელია, თუმცა შესაძლებელია მცდარი გამოღვიძება, თითის შემთხვევით შეხებითაც.

რაც შეეხება ფოსოებს (ანუ Jack-ებს), PlayBook-ში ამ მხრივ უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე iPad-ში: ტაბლეტში არის Micro-USB, რომლის საშუალებითაც ხდება მოწყობილობის სინქრონიზაცია კომპიუტერთან, აგრეთვე არის Micro HDMI, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გამოსახულება გარე ეკრანზე გამოიყვანოთ. მაგრამ არ არის არც MicroSD, არც USB.

სპეციფიკაციები

მოდით გადავხედოთ ცხრილს, სადაც მოცემულია BlackBerry PlayBook-ის ძირითადი მახასიათებლები. შედარებისათვის ავიღოთ HTC Flyer, Samsung Galaxy Tab და Nook Color.

 

BlackBerry PlayBook

HTC Flyer

Samsung Galaxy Tab

Nook Color

ეკრანი

7″; 1024×600

TN; 7″; 1024×600

TN, 7″; 1024×600

IPS, 7″; 1024×600

პროცესორი (სიხშირე)

1 გჰც, 2 ბირთვი

1,5 გჰც, 1 ბირთვი

1 გჰც, 1 ბირთვი

800 გჰც, 1 ბირთვი

ფლეშ-მეხსიერება

16 — 64 გბაიტი

32 გბაიტი

16 / 32 გბაიტი

8 გბაიტი

მეხსიერების ბარათები

არა

არა

MicroSD (32 გბაიტამდე)

MicroSD (32 გბაიტამდე)

ოპერატიული მეხსიერება

1 გბაიტი

1 გბაიტი

512 მბაიტი

512 მბაიტი

კამერა

ფრონტალური (3 მპ) და ძირითადი (5 მპ)

ფრონტალური (1,3 მპ) და ძირითადი (5 მპ)

ფრონტალური (1,3 მპ) და ძირითადი (3 მპ)

არა

ინტერნეტი

Wi-Fi

3G + Wi-Fi

3G + Wi-Fi

Wi-Fi

საოპერაციო სისტემა

BlackBerry Tablet OS

Google Android 2.3

Google Android 2.2

Google Android 2.х

გაბარიტები (მმ)

194×130×10

195,4×122×13,2

190×120×12

206×127×12

მასა (გრ)

425

420

380

448

ეკრანი

ეკრანი ფრიად საინტერსოა: ოფიციალურ მახასიათებლებში წერია, რომ ის დაფუძნებულია LCD ტექნოლოგიაზე LED-განათებით, მაგრამ არაფერია ნათქვამი უშუალოდ მატრიცის შესახებ (IPS თუ TN-film). სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა ინფორმაციას გვაწვდიან. მე მგონია, რომ PlayBook-ში TN-მატრიცაა, მაგრამ მაღალი ხარისხის. ეკრანი მართლაც ძალიან კარგად გამოიყურება და გარჩევადობა მართლაც მაღალი აქვს.

ისევე როგორც iPad-ს, ამ მოწყობილობის ეკრანიც მოცულობითია. შეხებაზე პრინციპში კარგად რეაგირებს, თუმცა არა ისე იდეალურად, როგორც iPad-ი.

ეკრანის მუშა სივრცე არის 15,3×9 სმ.

საოპერაციო სისტემა

როგორც ადრე გითხარით, PlayBook-ში გამოიყენება საკუთარი საოპერაციო სისტემა, რომელიც სპეციალურად ამ პლანშეტისათვის შემუშავდა. პლანშეტის გამოსვლამდე მუსირებდა ხმები, რომ გამოყენებული იქნებოდა BlackBerry OS. თუმცა დეველოპერებმა სრულიად სწორად გადაწყვიტეს, რომ სმარტფონი და პლანშეტი — ორი განსხვავებული მოწყობილობაა. კერძოდ, პლანშეტში ფრიად საჭირო რამ გახლავთ მალთიტასქინგი. ამის გარდა, BlackBerry-ს ტელეფონებზე ფიზიკური ღილაკები არის, ხოლო ტაბლეტზე — არა. მოკლედ, მხოლოდ ეს ფაქტებიც საკმარისია იმისათვის, რომ ცხადი გამხდარიყო დამოუკიდებელი ოს-ის არსებობა.

და დეველოპერებმა შექმნეს ასეთი ოს-ი. ჩემი აზრით, თავმკვდარი მაკისტის აზრითაც კი, ფრიად კარგი საოპერაციო სისტემა. ის ფრიად მოქნილია, უფრო მეტადაც კი, ვიდრე iOS და ზედმიწევნით „ენით ალოკილი“, უფრო მეტად, ვიდრე Android.

ამ ოს-ის მთავარი თავისებურება გახლავთ ეკრანის გარშემო არსებული ჩარჩოს მგრძნობიარობა. სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან დავიბენი, როდესაც პირველად ხელში დავიჭირე ეს ტაბლეტი. ბრაუზერი გავხსენი და უცებ აღმოვაჩინე, რომ უკან, მთავარ მენიუში ვერ გამოვდივარ. რამდენიმე წუთის უშედეგო ჯახირის შემდეგ უცებ აღმოვაჩინე, რომ ინტერფეისის მუშაობა დამყარებულია ორ ძირითად ჟესტზე: თითის ასმა ვერტიკალურად ზემოთ, ან ქვემოთ. თუ ზემოთ აუსმევთ თითს, აქტიური ფანჯარა დაპატარავდება და გამოჩნდება სამუშაო დაფა, ხოლო თუ ქვემოთ ჩამოუსვამთ — გაიხსნება პარამეტრების მენიუ.

ნამდვილად ვერ დავარქმევ ამ ჟესტებს ინტუიტიურად გასაგებს: თუ წინასწარ არ წაიკითხავთ PlayBook-ის სახელმძღვანელოს, გაგიჭირდებათ ჩემსავით ფანჯრების მართვის სისტემის გამოცნობა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს სისტემა ფრიად მოსახერხებელია და მე ძალიან სწრაფად მივეჩვიე მას.

ოს-ის მეორე თავისებურება — მალთიტასქინგის სრული და რეალური მხარდაჭერა, განსხვავებით სხვა ტაბლეტების საოპერაციო სისტემებისაგან. ყველა გახსნილი პროგრამა ტაბლეტის სამუშაო დაფაზე წარმოდგენილია მცირე ზომის მინიატურით: ბოლოს გაშვებული პროგრამის მინიატურა ოდნავ უფრო დიდი ზომისაა, დანარჩენები — ოდნავ ნაკლები.

ამ დროს, თუ რომელიმე ფანჯარაში მიმდინარეობს რაიმე დინამიური შიგთავსის ჩვენება (მაგალითად ფილმის, ან თამაშის), მის მინიატურად გადაქცევის შემდეგ შიგთავსის ჩვენება არ შეჩერდება. შესაძლოა, ეს არ არის ყველაზე მოთხოვნადი ფუნქცია, მაგრამ — ფრიად ეფექტურია.

BlackBerry-ს საოპერაციო სისტემაში არ არის წარმოდგენილი ქართული კლავიატურა. ს ფრიად სავალალოა. თუ iOS-ში, ანუ iPhone/iPad-ებში ჯეილბრეიკით ახლა და ცოტა ხანში უკვე ოფიციალურად ხელმისაწვდომი იქნება ქართული კლავიატურა (დიდი მადლობა GeMUG-ს [საქართველოში მაკის მომხმარებელთა ჯგუფს] ამისათვის!), PlayBook-ში ამის პერსპექტივაც არ ჩანს და ღმერთმა უწყის, როდის იქნება ჰაკერებისაგან რაიმე წინსვლა ამ საკითხში (R.I.M.-ისაგან რომ არ იქნება, ეს ფაქტია). ამის გარდა უდიდესი მინუსი, რომელიც ახასიათებს ამ და კიდევ ბევრ პლანშეტს, iPad-ისაგან განსხვავებით — ქართული შრიფტის არარსებობა სისტემაში! ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ 21 საუკუნეში კომპანიები ჯერ კიდევ უშვებენ მოწყობილობებს მასობრივი ბაზრისათვის, სადაც შრიფტებში არ არის წარმოდგენილი Unicode სრულიად. კარგი, გასაგებია, რომ ქართული ბაზრისათვის ცალკე ქართულს არ დაამატებენ, კი ბატონო. მაგრამ მოდით დავუშვათ, რომ მე ვარ ამერიკელი მეცნიერი, რომელიც მუშაობს აზიურ ტექსტებზე, მოკლედ ლათინური შრიფტის გარდა სხვა რამეც სჭირდება. ვერ მოგართვით! ვერაფერსაც ვერ მიიღებთ ამ მიმართულებით! ჩემთვის ეს ფაქტორი ერთ-ერთი ძირითადი გახდა რის გამოც მე არ მომწონს PlayBook (სხვების შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ).

BlackBerry Tablet OS — საოპერაციო სისტემაა ღია ფაილური სისტემით (iOS-ში დახურულია და ამის გამო უამრავი კრიტიკა გხვდება არა-Apple ფანებისაგან), მაგრამ ფაილების მენეჯერს ვერ ნახავთ სისტემაში. უცნაურია, არა? არა, იმიტომ, რომ თქვენ ის უნდა იყიდოთ ვირტუალურ მაღაზიაში App World-ში. სიტყვამ მოიტანა და ბარემ ამ მაღაზიაზე ვისაუბროთ.

აპლიკაციები და App World

სისტემურად დაყენებული პროგრამების სია შემდეგნაირია: Browser, Video, Music, Music Store, Podcasts, App World, Pictures, Camera, Video Chat, YouTube, Calculator, Bing Maps, Weather, Clock, Voice Notes და საოფისე პაკეტის, Documents To Go-ს სამი ძირითადი პროგრამა. რათქმაუნდა საოფისე პაკეტი ფრიად საჭირო რამაა, განსაკუთრებით საქმიანი ადამიანებისათვის. ხომ არ გვავიწყდება, რომ ეს პლანშეტი ძირითადად მათთვისაა?

მაგრამ ცუდი რა არის? პირველ რიგში, ისეთი ჩვეული რაღაცეების არარსებობა, როგორიცაა საფოსტო პროგრამა, კონტაქტები და კალენდარი. ძალიან უცნაურია, თუ რატომ არ დაამატეს ეს ყველაფერი სისტემურად. როგორც ამბობენ, უახლეს განახლებაში ეს შეცდომა გამოსწორდება. ვნახოთ.

ნაწილობრივ ამ ნაკლს კომპანია-მწარმოებელი ხსნის იმით, რომ PlayBook გახლავთ BlackBerry სმარტფონის კომპანიონი. მართლაც, პლანშეტის გათვალისწინებულია ფუნქცია BlackBerry Bridge, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მისი დაკავშირება სმარტფონთან. აი იქედან უკვე შეძლებთ მიიღოთ კონტაქტები, კალენდრები და ელფოსტა. უცნაურია, არა? ჩემთვის ძალიან. და ამის მერე კიდევ Apple-ს ეძახიან დახურული პლატფორმის მოყვარულს. თუ მეხსიერება არ მღალატობს (და Apple-თან მიმართებაში მე ის არასდროს მღალატობს), iPad-ზე აბსოლუტურად არაა საჭირო რამე სხვა სმარტფონის არსებობა, რომ ელემენტარულად ელფოსტა შეამოწმო, კალენდარში შეხვედრა ჩაინიშნო, ან კონტაქტების სია ნახო. მოკლედ, ეს ის მეორე ფაქტორია, რამაც შრიფტის მსგავსად აღმაშფოთა ფრიად.

კიდევ ერთი იმედგაცრუება — Video Chat-პროგრამა. ამ პროგრამის საშუალებით მხოლოდ PlayBook-ზე შეგიძლიათ რომ დარეკოთ და ესაუბროთ აბონენტს. არადა Apple-ის FaceTime ბევრ მოწყობილობაზეა: iPhone, iPad, iPod Touch, Mac-კომპუტერები. შესაბამისად ამ პროგრამის გამოყენების არეალი საკმაოდ დიდია, რასაც ვერ ვიტყვით PlayBook-ის Video Chat-ზე. თანაც, ამ პლანშეტისათვის დრემდე არ არის Skype. ესეც კიდევ ერთი უცნაურობა ბიზნეს-პლანშეტისათვის, ან მოდი ასე ვთქვათ, უბრალოდ პლანშეტისათვის.

ახლა რაც შეეხება აპლიკაციების მაღაზიას App World, აქ სიტუაცია კიდევ უფრო სევდიანია და წინასწარმეტყველებას არ ექვემდებარება. ძალიან, ძალიან ცოტა აპლიკაციაა მაღაზიაში. არ გამოვრიცხავ, რომ დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა მოიმატებს, მაგრამ როდის დაეწევა App World-ი თავის კონკურენტებს, Apple App Store-ს, ან Android Market-ს, ძალიან ძნელი სათქმელია. შესაძლოა, რომ ვერც ვერასოდეს დაეწიოს. თანაც App World-ში პროგრამების უმეტესობა ფასიანია, უფასო პროგრამები ძალიან ცოტაა (პროგრამების ისედაც დიდი სიმცირის ფონზე განსაკუთრებით). არა, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ფასიანი აპლიკაციების (რომლებიც ასევე უხვადაა წარმოდგენილი Apple App Store-ში), პირიქით, ვთვლი, რომ ამით დეველოპერების სერიოზული წახალისება ხდება და შედეგად ხარისხიანი აპლიკაციების რიცხვი მაღალი გამოდის (განსხვავებით Android Market-ისგან, სადაც აშკარა ხლამი უფრო მეტია, ვიდრე რაიმე ღირებული). მაგრამ App World-ში მართლა საცოდავად ცოტაა აპლიკაციები და ეს ფრიად სამწუხაროა.

აი მაგალითი. როგორც კი ეს ტაბლეტი მივიღე დასატესტად, პირველი „გულის მოჯერების“ შემდეგ გადავწყვიტე რაიმე პრაქტიკული დავალებით დამეტვირთა. ჩემთვის ელ. მოწყობილობიდან წიგნის კითხვა ყოველდღიური გართობის უცვლელი შემადგენელი ნაწილია. ამისათვის მე მაქვს Sony PRS-650, რომლითაც ფრიად კმაყოფილი ვარ (შევეცდები მალე მისი დეტალური აღწერაც მოგაწოდოთ). ამიტომ გადავწყვიტე ჩამომეტვირთვა რაიმე ელ. წიგნი და წამეკითხა PlayBook-ში. აი აქ მართლა კარგი რამ აღმოჩნდა ამ ტაბლეტის ღია ფაილური სისტემა. წიგნი უპრობლემოდ ჩამოტვირთა და განთავსდა Download-საქაღალდეში. მოვნიშნე ფაილი, დავაჭირე ღილაკზე „Open“, მაგრამ შენც არ მომიკვდე! ფაილი არ გაიხსნა! აჰა, ვიფიქრე მე, ტაბლეტში არ არის ნაგულისხმევად დაყენებული ელ. წიგნების წამკითხველი. შევედი App World-ში და დავიწყე ძებნა. მხოლოდ ერთი წამკითხველი ვიპოვნე უფასო, დანარჩენები ფასიანი იყო და მათი ყიდვის საშუალება მე არ გამაჩნდა (PlayBook-ის ანგარიშზე თანხის არარსებობის გამო). სხვა რა გზა მქონდა, ჩამოტვირთე უფასო. ჰოდა, ამ პროგრამამ გახსნით კი გახსნა, მაგრამ ვაი ამ გახსნას! წიგნში შეუძლებელი აღმოჩნდა შრიფტის ზომის შეცვლა და რაც ყველაზე სასაცილოა, უბრალოდ არც კი იფურცლებოდა! მოკლედ, ეს აღმოჩნდა ის მესამე ფაქტორი, რამაც კიდევ უფრო კრიტიკული გამახადა ამ ტაბლეტის მიმართ.

აუდიო-ვიდეოს დაკვრა

მოდი ვნახოთ, თუ როგორ მუშაობს ეს ფუნქცია PlayBook-ში. საბედნიეროდ, ეს ის იშვიათი მომენტია, სადაც ამ ტაბლეტს სიტუაცია კარგად აქვს. და საერთოდ, PlayBook-ში ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მომენტია.

ჯერ ერთი, ტაბლეტმა სრულიად მშვიდად გაუშვა მაღალი გარჩევადობის ვიდეო ფაილი (1080p). გასაგებია, რომ 7 გოჯიან ეკრანზე მაინც არ გამოჩნდება ამ ხარისხის ყველა ნიუანსი, მაგრამ PlayBook-ს გააჩნია HDMI ფოსო, საიდანაც შესაძლებელია მისი მიერთება ტელევიზორზე, ან მონიტორზე. ასე რომ სრულიად მშვიდად შეიძლება მისი მედია-კომბაინად გამოყენება.

PlayBook აღიქვამს სხვადასხვა ფორმატებს (H.264, MPEG4, WMV), თუმცა ყველა სახის კონტეინერს ვერ აღიქვამს.

აუდიოს რაც შეეხება, საქმე შემდეგნაირადაა: PlayBook-ს აქვს საკმაოდ კარგი აუდიო-დამკვრელი. ის მხარს უჭერს iTunes-ფორმატებს (AAC, ALAC). ასევე არაა პრობლემა mp3 და WAV ფორმატებთან.

მოკლედ, აუდიო-ვიდეო ნაწილი არაა ურიგო.

წარმადობა

ამოცანა გვეკითხება, თუ როგორი წარმადობა აქვს ამ ტაბლეტს. და უნდა ითქვას, რომ PlayBook არ ჩამოუვარდება ძირითად კონკურენტებს: ორბირთვიანი, 1 გჰც პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება 1 გბაიტი. საკმაოდ კარგი მაჩვენებლებია. ამის გარდა, გულზე ხელის დადებით შემიძლია ვთქვა, რომ ტესტირების მთელი პერიოდის განმავლობაში არ შემიმჩნევია რაიმე მუხრუჭები ინტერფეისში, ყველაფერი ფრიად ნარ-ნარად მუშაობდა. ეს, რაც შეეხება სუბიექტურ შეგრძნებებს. ამიტომ მე მოვიშველიე ინტერნეტში განთავსებული ტესტი — SunSpider 0.9.1. მისი შედეგები შევადარე iPad 2-ის შედეგებს:


RIM BlackBerry PlayBook

Apple iPad 2

3d

319,0

268,9

access

284,1

267,7

bitops

160,0

143,3

recursive

16,1

16,0

crypto

163,7

146,1

date

359,2

273,4

math

187,6

187,1

regexp

87,3

71,6

string

806,4

808,1

Total

2383,4

2182,2

და ვხედავთ, რომ PlayBook ცოტათი ჩამორჩა iPad 2-ს. სხვაობა არაა დიდი, მასზე შეეძლო ემოქმედა ნებისმიერ რამეს. მთავარი ისაა, თუ რამდენად სწრაფად იხსნება ვებ-გვერდები.

აკუმულატორი

BlackBerry PlayBook-ის აკუმულატორი საკმაოდ კარგ შედეგებს გვიჩვენებს. 10 საათი „გავაქაჩინე“ ინტერნეტში სერფინგის რეჟიმში, ჩემთვის ტაბლეტი და ინტერნეტი განუყოფელი მცნებებია. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ PlayBook ცოტათი ჩამორჩება iPad 2-ს. ის საკმაოდ სწრაფად იცლება ძილის რეჟიმში, რაც არ მომეწონა ნამდვილად.

კამერები

ისევე როგორც სხვა ტაბლეტებში, PlayBook-შიც ორი კამერა არის განთავსებული — ფრონტალური და ძირითადი. კამერებმა იმედები გამიცრუეს. პრინციპში, დღეისათვის არ არსებობს ტაბლეტი, რომელსაც კარგი ხარისხის კამერა ექნება და მე მგონი ეს არაა დიდი ტრაგედია. ტაბლეტით ფოტოს, ან ვიდეოს გადაღება ზედმეტ ფუნქციად მიმაჩნია. ერთადერთი, რაშიც ეს კამერებია საჭირო, ვიდეო-ჩეტია, რაშიც ყველა ტაბლეტის კამერა სრულიად კარგ შედეგს გვიჩვენებს.

ჰო, PlayBook-ს ციმციმა არა აქვს, შესაბამისად ოდნავ მეტად სიბნელეში გადაღებული კადრი მდარე ხარისხის გამოვა.

მოკლედ, ბევრს არ ვილაპარაკებ კამერებზე. ისინი ისეთივეა, როგორც ყველგან.

დასკვნები

მაშასადამე, ჩვენ მიმოვიხილეთ პლანშეტი BlackBerry PlayBook, საოპერაციო სისტემით BlackBerry Tablet OS. მოწყობილობა ერთი მხრივ ფრიად საინტერესოა და გააჩნია ბევრი დადებითი მომენტი: არაჩვეულებრივად ხარისხიანი ეკრანი, კორპუსის კარგი კონსტრუქცია, ფრიად საინტერესო საოპერაციო სისტემა. თუმცა აქვს აგრეთვე დასანანი მინუსები: ქართული ენის მხარდაჭერის არარსებობა სისტემურად, მნიშვნელოვანი დამოკიდებულება BlackBerry-ს სმარტფონებზე მთელ რიგ აპლიკაციებთან მუშაობისას, აპლიკაციების სიმწირე და დაბალი ხარისხი. ამის გარდა, პირადად ჩემთვის 7 გოჯიანი ტაბლეტი არ არის მისაღები იმ ძირითადი მიზეზის გამო, რომ ეკრანის ზომა ზღუდავს მთელი რიგი სამუშაოების შესრულებას, რაც რომ მე მჭირდება ტაბლეტზე.

დასკვნა ასეთია: ტაბლეტში შემოთავაზებულია მთელი რიგი ფრიად საინტერესო ნოვაციები, მაგრამ ეს ყველაფერი შეფუთულია უგერგილოდ, ნაუცბათევად. BlackBerry PlayBook დააინტერესებს BlackBerry-ს ტელეფონის მფლობელს პირველ რიგში, ვინაიდან ამ ტელეფონის გარეშე ეს ტაბლეტი მთლიანად ვერ ამჟღავნებს თავის შესაძლებლობებს. ჩემთვის, როგორც Apple-ის პროდუქციის მოყვარულისათვის, ეს ტაბლეტი სრულიად უსარგებლოა.