1952 წლის 21 მაისს დღის შუქი იხილა დამგროვებელმა IBM 726, რომელიც პირველი კომერციული მოწყობილობა გახლდათ მონაცემების მაგნიტურ ფირზე ჩაწერისა და წაკითხვისათვის.

IBM 726-ის ანონსი მოხდა IBM 701-ის — მასიურად წარმოებული კომპიუტერის გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში.
ეს კომპიუტერი ძირითადად მოიაზრებოდა როგორც „თავდაცვითი კალკულატორი“. IBM 726-ის ფირზე შვიდი ბილიკი იყო, აქედან ექვსზე მონაცემები ინახებოდა, ხოლო მეშვიდეზე — საკონტროლო მაჩვენებლები. ერთ ბობინაზე 400 მეტრი ფირი იყო, 1.25 სმ სიგანის. მონაცემთა გადაცემის თეორიული სიჩქარე — 12.5 ათასი სიმბოლო წამში; ჩაწერის სიმჭიდროვე — 40 ბიტი სანტიმეტრზე.
ლენტური დამგროვებლების ფართო გავრცელება დაკავშირებული იყო მსხვილგაბარიტულ ეგმ-ებთან (ელექტრონული-გამომთვლელი მანქანა, ასე ერქვა ადრე კომპიუტერს), კერძოდ IBM-ის მაინფრეიმებთან. 1964 წელს წარმოდგენილი IBM System/360-იდან დაწყებული, კომპანია IBM-ში მიღებული იყო 9-ბილიკიანი ფირის სტანდარტი ხაზური ჩაწერის პრინციპით. მოგვიანებით ეს სტანდარტი სხვა მწარმოებლების სისტემებშიც ფართოდ გამოიყენებოდა 1980-იან წლებამდე.
თანამედროვე ლენტური დამგროვებლები, როგორც წესი კომპიუტერს მაღალი წარმადობის SAS ინტერფეისით უკავშირდება და უზრუნველყოფს ინფორმაციის გადაცემას 3 ან 6 გბიტი/წმ სიჩქარით. შემუშავებულია ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა ლენტურ კარტრიჯზე ჩავწეროთ 35 ტბაიტი მონაცემები.