უკვდავების მოკლე ისტორია

ეს იუმორისტული მოთხრობა ერთ-ერთ რუსულ საიტზე ვნახე. ფრიად სახალისო რამ არის და საკმაოდ ზუსტად აღწერს დღევანდელ სამყაროში მიმდინარე ზოგიერთ პროცესს. გადავწყვიტე გადამეთარგმნა და თქვენთვის შემომეთავაზებინა, როგორც სახალისო საკითხავი ჩვენს არცთუ ისე დალხენილ პირობებში. მკითხველს ვთხოვ ძალიან სერიოზულად ნუ მიუდგება ამ ნაწარმოებს — ეს უბრალოდ ხუმრობაა.

ფიზიკა ერთ ადგილზე არ დგას. დიდ ადრონულ კოლაიდერზე განხორციელებულ ბოლო ექსპერიმენტში ლეპტონები ინტენსიურად დაბიბომბა მოლივლივე პროტონებით. შედეგად დაფიქსირდა გლუონური სიმის გაწყვეტა, რასაც მოჰყვა ადრე უცნობი ტიპის ორმაგი გამოსხივება. მეცნიერებს უჭირთ ამ მოვლენის იდენტიფიცირება.

***

კვლები გრძელდება. გრძელდება ფენომენის შესწავლა, რომელიც აღმოჩენილი იქნა ორიოდე თვის წინ კოლაიდერზე. მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ, რომ გამოსხივებას, რომელიც გაწყვეტილი გლუონური სიმის ორივე მხრიდან გამოდის, გააჩნია ინტენსივობა 20-30 კაპელანოს შკალის მიხედვით და სხვადასხვამიმართული პოლუსები. სამეცნიერო სამუშაოთა ხელმძღვანელის, ჩარლი ბერტონსის განცხადებით, მის დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკოსები ენთუზიაზმით ცდილობენ ამოხსნან ბუნების ეს საიდუმლო, მიუხედავად ერთგვარი დაძაბული მდგომარეობისა იმის გამო, რომ ტეროსტები მზად არიან ააფეთქონ დიდი ადრონული კოლაიდერი.

***

კოლაიდერი საიმედო დაცვის ქვეშაა. საფრანგეთისა და აშშ-ს სადესანტო ჯარებმა დაცვის ქვეშ აიყვანეს კოლაიდერი. აქცია მიზნათ ისახავს ობიექტის დაცვას ექსტრემისტული დაჯგუფებებისაგან.

***

ფიზიკოსები საიქიოს უკავშირდებიან. სპეციალურად მოწვეულ პრეს-კონფერენციაზე ჩარლი ბერტნოსი აცხადებს კაცობრიობაში უდიდესი აღმოჩენის შესახებ. „ჩვენ ეს გავაკეთეთ, — განაცხადა ბერტონსმა — მიუხედავად სერიოზული ტექნიკური სიძნელებიისა, ჩვენ შევძელით ორივე გამოსხივების კვლავწარმოება, უფრო სწორედ რომ ვთქვათ, მათთან მიერთება. ორივე მათგანი გაშიფრულია. სწორედ ეს გახლავთ სენსაცია. ვინაიდან გადამცემის იქითა მხრიდან ადამიანები არიან. ყოველ შემთხვევაში, ისინი გვაწვდიან ინფორმაციას, რომლიც ამტკიცებს მათ ოდესაღაც არსებობას ცოცხალი ადამიანების სახით. მე რომ მეცნიერი არ ვიყო, ვიტყოდი, რომ საიქიოს ვუკავშირდებით. არ ვიცი, როგორი ახსნა მივცე ამ ყველაფერს, მაგრამ ინფორმაცია დასტურდება ასობით ექსპერიმენტით“.

***

ეს ყვითელი პრესის მონაჩმახი არ არის. პეკინის კოლაიდერზე მსგავსი შედეგებია მიღებული. ჩინელმა მეცნიერებმა ასევე შეძლეს გლუონური სიმის გაწყვეტა, რის შედეგადაც წარმოიშვა მძლავრი, ორპოლუსიანი უცნობი გამოსხივება. არსებები იქეთა მხრიდან იძახიან, რომ ისინი მანჯურიელები არიან, რომლებიც იმპერატორ ცინის ეპოქაში ცხოვრობდნენ. საუბარი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

***

მაჰმადიანები წინააღმდეგ გამოდიან. ეგვიპტესა და იემენში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო იმასთან დაკავშირებით, რომ მეცნიერები გარდაცვლილებს ესაუბრებიან. მომიტინგეები მოითხოვენ ყველა ადრონული კოლაიდერის დახურვას და ყველა იმ ექსპერიმენტის აკრძალვას, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ გარდაცვლილებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით მაჰმადიანებთან.

***

სტატია „Nature“-ში. პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა ფიზიკის დოქტორის, ა. სვოდენბერგის სტატია. ავტორი ამტკიცებს, რომ ურთიერთობა გარდაცვლილებთან არ წარმოადგენს ფიზიკის პარადოქსს და დიდი ხნის წინ მის მიერ იყო ნაწინასწარმეტყველები. დოქტორის განცხადებით, ადამიანის სული — ეპსილონ-მატრიცას წარმოადგენს. „ჩვენ არაფერი არ ვიცით ეპსილონ-მატრიცების შესახებ, ეს სრულიად ახალი მოვლენაა ფიზიკაში, — განაცხადა დოქტორმა სვოდენბერგმა, — მაგრამ ის, რომ ჩვენ შევეჯახეთ სწორედ მას, ეჭვს არ იწვევს. ეგრეთწოდებული სიკვდილის შემდეგ გარდაცვლილის ეპსილონ-მატრიცა მისი კვარკული დაკალიბრების ხარისხიდან გამომდინარე მიიზიდება ან პლუსისკენ, ან — მინუსისკენ. ძველი რელიგიური წარმოდგენები ჯოჯოხეთის შესახებ, სადაც მოხვდებიან ცოდვილნი და სამოთხის შესახებ, სადაც მოხვდებიან წმინდანები, სრულიად დასტურდება ფუნდამენტალური ფიზიკის კანონებით“.

***

დიდ ადრონულ კოლაიდერს რომის პაპი ეწვია. ვიზიტის დეტალები არ მჟღავნდება. ვიზიტის შემდეგ პაპმა განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესია წინააღმდეგი არ არის საიქიოსთან ურთიერთობაზე, ვინაიდან ეს არ ეწინააღდმეგება წმინდა დოგმატებს და რომ ის, რომის პაპი, უშუალოდ ესაუბრა ერთ-ერთ თავის წინამორბედს.

***

საიქიოსთან კავშირისათვის კოლაიდერი საჭირო არ არის. ტოკიოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ლაბორატორიაში გლუონური სიმის გაწყვეტა მიიღწევა კვანტოლაზერული ტექნოლოგიით, რაც შესაძლებლობას იძლევა მასოურად გამოვიყენოთ გლუონური ტელეფონი. პატენტი ამ ტექნოლოგიაზე გამოისყიდა კორპორაცია „Quantific“-მა, რომელიც გვპირდება საიქიოსთან კავშირის მოწყობილობის გამოშვებას უახლოეს დროში.

***

ამერიკა აღელვებულია. დაფიქსირდა პირველი გამოსვლები „Quantific“-ის ქმედებების წინააღმდეგ. „დაანებეთ მკვდრებს თავი!“ — სკანდირებენ მანიფესტანტები „Quantific“-ის ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე.

***

გსურთ დიდ ბებიასთან დაკავშირება? კორპორაცია „Quantific“-მა დაიწყო ახალი გაჯეტების გაყიდვა „Super-GLUON“, რომლის საშუალებითაც შეძლებთ საიქიოსთან კავშირს. გაყიდვების დაწყება არაერთხელ გადაიდო. მიუხედავად საკამოდ დიდი ფასისა (3500 დოლარი), გაყიდვების პირველსავე დღეს 5 მილიონი მოწყობილობა გაიყიდა.

***

პირველი რეკლამაციები. დაახლოებით 10000 გაჯეტი უკან დაუბრუნდათ გამყიდველებს პირველსავე კვირას. მყიდველები ჩივიან კავშირის დაბალ ხარისხზე ერთ-ერთი გლუონური ხაზით. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ტომ რიჩმონდი ამაზე აცხადებს: „„Super-GLUON“-ის მომხმარებლემა უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენ უბრალოდ კავშირს ვამყარებთ საიქიოსთან, მაგრამ არ შეგვიძლია იქ მიმდინარე პროცესებზე ზემოქმედება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჯოჯოხეთში საკმაოდ ცხელა და ცოდვილნი კავშირის დროს თავს ვერ იკავებენ ღრიალისაგან, რაც ნეგატიურად მოქმედებს კავშირის ხარისხზე. კორპორაცია „Quantific“ აქ არაფერ შუაშია. ჩვენ არ ვართ დამნაშავე, რომ თქვენი ნათესავები ჯოჯოხეთში მოხვდნენ და არა სამოთხეში“.

***

გლუონური კავშირის ფილტრი. იაპონურმა ფირმამ „Tomity“ განაცხადა სპეციალური ფილტრის გამოშვების შესახებ. მოწყობილობა ბლოკავს ღრიალს, რაც საშუალებას იძლევა ჯოჯოხეთში მყოფ ადამიანებთან დავამყაროთ ნორმალური კავშირი ხარვეზების გარეშე. მოწყობილობა USB-პორტით უკავშირდება „Super-GLUON“-ს და 29 დოლარი ღირს.

***

MarkTwain — წლის ბლოგერი. რესურსის popular-people.com ვერსიით წლის ბლოგერი გახდა MarkTwain, რომელმაც უახლოეს კონკურენტს, ბლოგერს Ciceron 4%-ით გადაუსწრო. კონკურსის წესების მიხედვით, მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ გარდაცვლილ ადამიანებს შეეძლოთ.

***

სოციოლოგიური კვლევა. დამოუკიდებელი სოციოლოგიური სააგენტოს, NMA-ს მიერ ჩატარდა სტატისტიკური კვლევები საიქიოს მცხოვრებთა შორის. შედეგები სენსაციური აღმოჩნდა: თითქმის ყველა ცნობილი პოლიტიკოსი, მხედარმთავარი და პოპ-მუსიკოსი ჯოჯოხეთშია, მაშინ როდესაც მეცნიერები და ხელოვნების მოღვაწენი — სამოთხეში. დანარჩენი პროფესიის წარმომადგენლები ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის თითქმის თანაბრად ნაწილდებიან. ჩარლი ბერტონსი, კოლაიდერზე პროექტების ხელმძღვანელი ამ მონაცემებს გადაუმოწმებელსა და სასაცილოს ეძახის.

***

„Super-GLUON“-ები არავის სჭირდება. პირველად ვაჭრობის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ დაფიქსირდა მოთხოვნის კლება. გარდაცვლილებთან ურთიერთობა არც ისე გასართობი რამ აღმოჩნდა, თავის თავზე ცოტას ყვებიან, სამაგიეროდ ძალიან აინტერესებთ საფეხბურთო მატჩების შედეგები. „Super-GLUON“-ის მფლობელებს ერთი კითხვა აწუხებთ: ღირს კი დიდ ბებიასთან საიქიო კავშირი, მაშნ როდესაც ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში უკვე ძალიან მოსაბეზრებელი ვინმე იყო? თუ ასე გაგრძელდა, გლუონური კავშირი მხოლოდ პროფესიული საქმიანობაღა იქნება.

***

ფიზიკოსოს, დოქტორ ა. სვოდენბერგის პრეს-კონფერენცია. სვოდენბერგმა  მოიწვია ჟურნალისტები, სადაც განაცხადა, რომ საიქიოს დაყოფას ჯოჯოხეთად და სამოთხეთ არანაირი საფუძველი არ გააჩნია. „მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ სიკვდილის შემდეგ ესპილონ-მატრიცა მიიზიდება ერთ-ერთი პოლუსისაკენ ფიზიკის კანონების თანახმად, — განაცხადა ცნობილმა მეცნიერმა. — გარდაცვლილის ზნეობას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ზნეობა და მორალი საერთოდ არა-სამეცნიერო კონცეფციებია“. ჟურნალისტის კითხვაზე, მაშინ რატომ ხვდებიან პოლიტიკოსები ჯოჯოხეთში, დოქტორ სვოდენბერგმა უპასუხა, რომ აღნიშული შედეგი ერგება საერთო სტოქასტიკურ ცდომილებას.

***

ახალი აღნიშვნები. ამერიკის კონგრესმა მიიღო სენატორის ენდი ტომპსონის წინადადება სიტყვების „ჯოჯოხეთი“ და „სამოთხე“ აკრძალვის შესახებ, მათი ანტიმეცნიერული არსის გამო. აღნიშნული ტერმინები შეიცვლება სხვა ვარიანტებით, რომლებიც უკეთ ასახავენ ფიზიკურ რეალიებს და დანომრილია ქვმოდან ზემოთ: სქ-1 (საიქიო — ჯოჯოხეთი), მს-2 (მიწიერი სამყარო) და სქ-3 (საიქიო — სამოთხე).

***

ახალი ამბები. სქ-1-ში ტემპერატურა მერყეობს 230-იდან 250 გრადუსამდე. მს-2-ში გრძელდება მსოფლიო ფინანსური კრიზისი, პორტუგალიის ნაპირებთან ერთმანეთს შეეჯახა ორი გემი, მოხდა ტერაქტი ეგვიპტეში. სქ-3-ში ტემპერატურა სტაბილურად 21 გრადუსია, პოპულარობით სარგებლობს კლოდ დებუსის მელოდები არფისათვის.

***

სქ-1-ს ესაჭიროება დახმარება. ამომრჩევლებთან ყოველწლიურ შეხვედრაზე აშშ-ს პრეზიდენტმა რობ რობინსონმა განაცხადა, რომ ტემპერატურული სხვაობა სქ-1-სა და სქ-3-ს შორის დაუშვებელია ჰუმანური და დემოკრატიული საზოგადოებისათვის. პრეზიდენტის განცხადებით, ტემპერატურა სქ-1-ში ფრიად მაღალია ადამიანთა სულების ნორმალური არსებობისათვის. „მეცნიერებამ უნდა დაეხმაროს ამ საცოდავ ადამიანებს, — განაცხადა რობ რობინსონმა. — ისინი ამ ჯოჯოხეთურ ალში თავის ნებით არ მოხვედრილან, არამედ კაპელანოს შკალაზე პოლუსების სხვადასხვა მიმართულების გამო, როგორც მე მითხრეს. თუ ეს სიმართლეა, ჩვენი ვალია გავასწოროთ ბუნების ეს შეცდომა“. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას მხურვალე მხარდაჭერით შეხვდა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება.

***

კალიგულას ცილი დასწამეს. მსოფლიო საზოგადოებრიობა აგრძელებს გახმაურებული ინტერვიუს განხილვას, სადაც რომის ყოფილი იმპერატორი ადანაშაულებს გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსს ისტორიული ფაქტების დამახინჯებაში. გაუს სვეტონიუსთან კავშირი ვერ მოხერხდა, თანაც უცნობია, სად იმყოფება პატივცემული ისტორიკოსი სქ-1-ში, თუ სქ-3-ში.

***

მიძებნა გაჭირვებულთა შველის გზა! ტოკიოს უნივერსიტეტის კვლევითი ლაბორატორია გვატყობინებს, რომ შესაძლებელია ტემპერატურის კლება სქ-1-ში არანაკლებ 40%-ით. თუმცა ტექნოლოგია ბევრი ენრგიის დახარჯვას მოითხოვს: საჭიროა დიდი სიმძლავრეები, დაახლოებით რამდენიმე მსხვილი ელექტროსადგურის. საფრანგეთისა და გერმანიის პრეზიდენტებმა განაცხადეს პროექტის მხარდაჭერის შესახებ, რათა ყოფა შეუმსუბუქდეთ მათ ყოფილ მოქალაქეებს, მიუხედავად ნებისმიერი ხარჯებისა. ევროპულ პარლამენტებში მიმდინარეობს გაცხოველებული დისკუსიები.

***

ახალი ამბები. სქ-1-ში ტემპერატურა 240 გრადუსია, ქვედა ფენებში — 250-255. მს-2-ში გრძელდება ფინანსური კრიზისი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების გაფიცვა, გრძელდება ბულგარეთის ავია-დაბომბვები, რომლემაც უარი განაცხადა სქ-1-ში ტემპერატური კლების გრანდიოზულ პროექტში მონაწილეობის მიღებაზე. სქ-3-ში ტემპერატურა კომფორტულია, კლოდ დებუსის მელოდიები არფისათვის კვლავ ინარჩუნებენ მაღალ ადგილებს რეიტინგებში.

***

დაბომბვის სხვერპლი ჩივის. დაახლოებით 3000 ბულგარელმა, რომლებიც ნატოს დაბომბვის მსხვერპლი გახდა, პროტესტს აცხადებენ მს-2-იდან სქ-1-სა და სქ-3-ში იძულებით გადასახლებაზე და აპირებენ სარჩელი შეიტანონ ადამიანთა უფლებების ევროპულ სასამართლოში. შესაძლოა, ამან გამოიწვიოს ეჭვები, ვინაიდან პოტენციური მოსარჩლეები დე-ფაქტო არ არსებობენ, თუმცა შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი ნება გლუონური კავშირის მეშვეობით. ბულგარელების საქმით დაკავებულია ცნობილი იურიდიული ფირმა „Terry&Terry“.

***

სქ-ში პრობლემები არ არის. დიდი ადრონული კოლაიდერის პროექტების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ტემპერატურის დაწევის პრობლემა თეორიულად გადაწყვეტილია. სქ-1-ში ტემპერატურის დაწევა შესაძებელია ან დიდი ენერგეტიკული მუხტის შეშვებით მს-2-იდან — გლუონური სიმების შემქნის გზით, რომლებსაც მიუონური ნეიტრინო მსხვილ კონაში აქვთ დაჭერილი, — ან ტემპერატურის პროპორციული გაზრდით სქ-3-ში, სქ-1-სა და სქ-3-ს შორის ე.წ. ოსცილაციური ტემპერატურული ხიდურის შექმნით. „ნებისმიერ შემთხვევაში, — აღნიშნა ბერტონსმა, — საშუალო ტემპერატურა სქ-1-სა და სქ-3-ში იქნება 100 გრადუსი“.

***

ნობელის პრემიის კომიტეტში. ნობელის კომიტეტმა მიიღი უპრეცენდენტო გადაწყვეტილება დაუშვან გარდაცვლილი მეცნიერები კონკურსის ყველა ნომინაციაზე. შეტყობინებაში მითითებულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია სქ-1-სა და სქ-3-ის აღმოჩენის გამო. ამ გადაწყვეტილებამ გაცხოველებული დისკუსიები გამოიწვია ეროვნულ აკადემიურ წრეებში, ვინაიდან ძლიერ შეამცირა ჯერ კიდევ ცოცხალი აკადემიკოსების შანსები გახდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები. ბოლო-ბოლო, საღმა აზრმა გაიმარჯვა და პრემიაზე სიკვდილის შემდეგ წარდგენილი იქნენ: საბერძნეთის აკადემიიდან —არქიმედე, საფრანგეთის აკადემიიდან — ლავუაზიე, ინლისის აკადემიიდან — ნიუტონი.

***

ოსცილაციური ხიდურა მოქმედებს. პირველად განხორციელდა ენერგიის გადაადგილება სქ-3-დან სქ-1-ში ე.წ. ოსცილაციური ტემპერატული ხიდურის მეშვეობით. დაფიქსირებულია ტემპერატურის ხანმოკლე კლება 1 გრადუსით სქ-1-ში. „დიდი ექვსეულის“ ლიდერებმა ყოველწლიურ შეკრებაზე მოუწოდეს სამეცნიერო ორგანიზაციებს გააგრძელონ დაწყებული ექსპერიმენტები კლიმატური პიროების სრულ გათანაბრებამდე.

***

მწვანეების შეშფოთება. ეკოლოგიური ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ენრგეტიკული ნაკადების გადაადგილების გაუაზრებელმა ექსპერიმენტებმა შესაძლოან ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიონ.

***

ლენონი კვლავ ატარებს კონცერტებს. NBC-ის არხზე გამაოგნებელი წარმატებით გადაიცა ჯონ ლენონის გარაცვალების შემდგომი კონცერტი. ჯონი ვოკალს ასრულებდა, აკომპანიმირებას უწევდა ჯორჯ ჰარისონი. კონცერტის დასრულების შემდგომ ჯონ ლენონმა განაცხადა, რომ სულმოუთმენლად ელოდება იმ მომენტს, როდესაც ყოველგვარი გლუონური კავშირის გარეშე შეძლებს ურთიერთობას პოლთან და რინგოსთან, რათა საბოლოოდ კვლავ შეიკრას ოთხეული და აღორძინდეს „ბითლზი“.

***

„Quantific“-მა დათვალა და დანაღვლიანდა. კორპორაცია გრანდიოზულ ზარალს ნახულობს იმის გამო, რომ სქ-3-ის მოსახლეობა უარს აცხადებს ამ კომპანიის გაჯეტით სარგებლობაზე. უარი გამოწვეულია ტემპერატურის მკვეთრი მატებით 21 გრადუსიდან 37 გრადუსამდე. „Quantific“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის ახსნაზე, რომ ტემპერატურის მატება სქ-3-ში გამოწვეულია ჰუმანიზმით, სქ-3-ის მცხოვრებლემა განაცხადეს: „ბოლო-ბოლო, ეს სამოთხეა და ჩვენ დავიმსახურეთ ნორმალური ტემპერატურა“. ტომ რიჩმონდმა ეს განცხადება კომენტარის გარეშე დატოვა. პრესა სავსეა გულისწყრომით იმის გამო, რომ სქ-3-ის მაცხოვრებლები ასე ეგოისტურად იქცევიან. ენერგიის გადაადგილება კვლავ გრძელდება, „Quantific“-ის აქციონერები პანიკაში არიან.

***

ყველა ადამიანი თანაბარია. ჰოლანდიის პარლამენტმა პირველმა ევროპულ სახელმწიფოებს შორის მიიღო კანონი, რომლიც უფლებებში გაათანაბრებს სქ-1-ის, მს-2-ისა და სქ-3-ის მაცხოვრებლებს. ჩეხეთში, სერბიასა და თურქეთში ჰოლანდიის საელჩოებთან ტარდება მცირერიცხოვანი მანიფესტაციები, მაგრამ ზოგადად მსოფლიო საზოგადოება აღტაცებით შეხვდა ჰოლანდიის ინიციატივას. ლოზუნგი „ყველა ადამიანი თანაბარია, მაშინაც კი, თუ გარდაიცვალნენ“, დღის ლოზუნგი ხდება.

***

პერსპექტიული წინადადება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაცხდა ფულადი მიმოქცევის დაწყების შესახებ სქ-1-თან და სქ-3-თან. ჯერ ზუსტად არ არის ცნობილი, თუ როგორ შეძლებენ გარდაცვლილი პირები, რომლებიც ფიზიკური შრომით შოულობდნენ ფულს, მაგრამ ხელოვნების მუშაკები — მწერლები, მუსიკოსები და პროგრამისტები სახსრების გარეშე არ დარჩებიან. ჟერარ სავატიეს, სავალუტო ფონდის პასუხისმგებელი მდივნის განცხადებით, ნაღდი ფულადი სახსრების მიმოცვლა დღის წესრიგში არ დგას, ამის ფაქტიური შეუძლებლობის გამო.

***

ტემპერატურული პარიტეტი მიღწეული. პირველად მოხერხდა სქ-1-სა და სქ-3-ს შორის ტემპერატურული თანასწორობა. სქ-3-ის მოსახლეობის ბოიკოტი გრძელდება, თუმცა არარეგულარული: ცნობილია, რომ სქ-3-ის მაცხოვრებლები საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებენ საყვარელ ნათესავებთან და ჩივიან არსებობის უჩვეულო პირობებზე.

***

აშშ-ს კონგრესში. სენატორმა ენდი ტომპსონმა კონგრესში შეიტანა წინადადება სქ-3-იდან სქ-1-ში ენერგეტიკული სიმძლავრეების გადასროლის ხუთმაგი მატების შესახებ. „ჩვენ უნდა ვიდგეთ ამერიკელი მოქალაქეების ინტერესების სადარაჯოზე, — განაცხადა სენატორმა, — ხოლო ამერიკული კორპორაცია სქ-3-ის მაცხოვრებელთა გამო ზარალს ნახულობს. ჩვენი ვალია მივიღოთ ზომები სამართლიანობის აღდგენის მიზნით, თუნდაც ამისათვის ძალის გამოყენება დაგვჭირდეს. წინადადება შემომაქვს ულტიმატუმით მივმართოთ სქ-3-ის მაცხოვრებლებს: ან ისინი შეწყევეტენ ბოიკოტს გაჯეტების გამოყენების საკითხში, ანდა ჩვენ ავწევთ სქ-3-ის ტემპერატურას 100 გრადუსიდან 150, ანდა სულაც 200 გრადუსამდე, სქ-1-ში ტემპერატურის დაწევის გზით. ღმერთი არს ჩვენთან! ვფიქრობ, რომ სქ-1-ის მოსახლეობა მხარს დაუჭერს ამერიკის მთავრობას მის წამოწყებაში“.

***

სქ-3-ის დაცვა შედრკა. დაფიქსირებულია პირველი ლტოლვილები სქ-3-იდან. რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა ნათესავებს გლუონური კავშირით და სთხოვეს გაერკვიათ, თუ შეიძლება როგორმე სქ-1-ში გადაბარგება, სადაც კლიმატი უფრო ზომიერია.

***

პირველი გარდაცვლილი პრეზიდენტები. რამდენიმე ქვეყანაში თითქმის ერთდროულად ჩატარდა არჩევნები, სადაც კაცობრიობის ისტორიაში პირველად არჩევნებში გადაცვლილმა კანდიდატებმა მიიღეს მონაწილეობა. აშშ-ში რობ რობინსონის ნაცვლად პრეზიდენტად აბრაამ ლინკოლნი აირჩიეს, საფრანგეთში — შარლ დე გოლი. ზოგიერთ ქვეყანაში გარდაცვლილმა კანდიდატებმა ვერ შეძლეს გამარჯვება: კაზახეთში ჩინგიზ-ხანი ვერ გახდა პრეზიდენტი, ვინაიდან მას არ ქონდა ჩაწერა ამ ქვეყანაში.

***

კოლაიდერი საფრთხეში აღარაა. ტერორისტული აქტების საშიშროების გაუქმებასთან დაკაშირებით, საფრეანგეთისა და აშშ-ს ხელისუფლებამ უკან გაიწვიეს დამატებითი დაცვა.

***

დიდი ხნის ნანატრი პრეზენტაცია. კორპორაციამ „Quantific“ წარმოადგინა პირველი ბანკომატი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ტრანზაქციების განხორციელება საიქიოში. მოწყობილობას ჰქვია „Bank-GLUON“ და ძალიან წააგავს თანამედროვე ბანკომატს. ერთადერთი სხვაობა — ამ მოწყობილობით შესაძლებელია საიქიოდან სარგებლობა. სქ-1-ის მცხოვრებლებს ამიერიდან შეუძლიათ განახორციელონ უნაღდო ანგარიშსწორება ნათესავებთან, ან ჰონორარის სახით მიღებულ თანხებზე, ან საკუთარი თავისგან ანდერძით. გადასახადები ავტომატურად ჩამოიჭრება. სამწუხაროდ ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ტრანზაქციები სქ-3-თან, რომლის მაცხოვრებლები კვლავ აგძელებენ ბოიკოტს, რის გამოც სქ-3-ში ტემპერატურამ 250 გრადუსს გადააჭარბა. შემდგომი მატება შეუძლებელია, ვინაიდან ეს გამოიწვევს სქ-1-ში ტემპერატურის მკვეთრ კლებას.

***

ინტერვიუ ა. სვოდერგებრთან. სატელევიზიო ინტერვიუში ფიზიკოსმა განაცხადა შემდეგი: „ამჟამად ეპსილონ-მატრიცის გადასვლა არსებულ სამყაროებს შორის მხოლოდ ნაწილობრივ არის გადაწყვეტილი: თუ მს-2-იდან გადასვლა სხვა სამყაროებში სირთულეს არ წარმოადგენს, უკუკ გადასვლა ჯერ კიდევ საძნელოა.“ მე შევძელი იმის დამტკიცება, რომ ასეთი გადასვლა თეორიულად შესაძებელი არის. ამ მომენტში ეპსილონ-მატრიცის გადასვლა სქ-1-იდან და სქ-3-იდან მს-2-ში მხოლოდ დროისა და ფინანსური ინვესტიციების საქმეა. სახელგანთქმული ფიზიკოსის განცხადებამ საზოგადოებაში ფართო რეზონანსი გამოიწვია. რამდენიმე კომპანიამ უკვე გამოთქვა სურვილი ამ კვლევების დაფინანსებაზე.

***

ამერიკა ტრაურშია. უდროოდ გარდაცვლილი ექს-პრეზიდენტის, რობ რობინსონის დაკრძალვაზე გარდაცვლილმა განაცხადა, რომ კმაყოფილია სქ-1-ში არსებულ პირობებზე და ამაყობს იმით, რომ ძალა არ დაუშურებია აქ, სქ-1-ში ნორმალური კლიმატური პირობების შექმნისათვის. სიტყვის დასასრულს რობინსონმა მოკითხვა გადასცა ყველა ახლობელს და ნათესავს.

***

ბოიკოტი დასრულდა! ბოიკოტი, რომელიც ორგანიზებული იყო სქ-3-ის მაცხოვრებლებით გლობალური დათბობის გამო, როგორც იქნა დასრულდა. მრავალრიცხოვანი ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სქ-3-ის მაცხოვრებლები მზად არიან ისარგებლონ „Super-GLUON“ და „Bank-GLUON“-ით იმ პირობით, რომ ტემპერატურია თუნდაც 50 გრადუსით დაიწევს. ბოლო სიტყვა ამერიკის კონგრესს რჩება.

***

ახალი ამბები. სქ-1-ში ტემპერატურა 28 გრადუსია. მს-2-ში გაერომ ბოიკოტის დასრულების თარიღი კაცობრიობის უკვდავების თარიღად გამოაცხადა. სატელევიზიო ახალ ამბებში აჩვენებენ საზეიმო დემონსტრაციებს: ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ტირიან, ყვირიან ბედნიერებისაგან, რომ სიკვდილის შიში დაძლეულია და რომ უკვე არასდროს კაცობრიობის ისტორია არ იქნება დათრგუნული. სქ-3-ში ტემპერატურა სტაბილურია, დაახლოებით 180 გრადუსი, თუმცა დებუსის მელოდიები უკვე ისეთი პოპულარული აღარაა.