ჩემს შესახებ

პირველი კომპიუტერი 1987 წელს ვნახე და ეს მაკინტოში იყო. ჰო, არ მოგესმათ, ეს საქართველოში მოხდა. ამერიკულ გამოფენაზე, რომელზეც ბაბუამ წამიყვანა. აი მანდ „მოვიწამლე“ კომპიუტერებით და გაჯეტებით (ეს სიტყვა მაშინ არ ვიცოდით). მერე ამას მოჰყვა პიონერთა სასახლეში, ახლა მოსწავლეთა სასახლე რომ ჰქვია, რადიოწრეზე შესვლა და იქ გატარებული საუკეთესო წლები.

მერე გავიზარდე, უმაღლესშიც ჩავაბარე ტექნიკისგან ძალიან დაშორებულ ფაკულტეტზე, მაგრამ გატაცება არ გამნელებია. როგორც ახლა იტყვიან, ტექნიკის მოყვარული ვრჩებოდი ყოველთვის.

პირველი გარდატეხა 2005 წელს მოხდა, როდესაც Firefox-ის ლოკალიზაცია ვცადე სამოყვარულო დონეზე. მენიუს პირველი ელემენტი რომ დავინახე ქართულად (ეს იყო სიტყვა File), ჩემზე ბედნიერი არ იყო კაცი იმ დროს. მერე ამას მოყვა სხვა პროდუქტების ლოკალიზაციაც, შემდეგ ეს გატაცება პროფესიაში გადაიზარდა და ბოლო რამდენიმე წლის განმვალობაში ბევრი პროდუქტი „მოვარჯულე“ ქართულად.

მეორე გარდატეხა მოხდა 2006 წელს, როდესაც 1987 წლიდან პირველად, მაკი ვიხილე ხელახლა ჩემი მეგობრის სამსახურში. მისმა უზადოდ შესრულებულმა ინტერფეისმა ისე მომნუსხა, რომ კარგა ხანი დარეტიანებული დავდიოდი. იმ მომენტში „მოვიწამლე“ მაკებით და თან ძალიან სერიოზულად. თუმცა ყიდვაზე ჯერ ფიქრიც კი ნაადრევი იყო.

მესამე გარდატეხა მოხდა 2007 წელს. ისევ, როგორც მოყვარულმა ავდექი და ბლოგი გავხსენი. მაკით მოწამლულს მინდოდა ყველასთვის მეთქვა, რაოდენ კარგი რამ იყო მაკი, განსხვავებით სხვა სისტემებისაგან. იმ დროს საქართველოში ცოტა თუ მოიძებნებოდა მაკისტი. უმცირესობაში მოქცეულნი, გაშმაგებით ვიგერიებდით „მოწინააღმდეგე“ ბანაკების თავდასხმებს და ჩვენ ჩვენი გზით მივდიოდით სასურველი მიზნისაკენ. ბლოგი ის ტრიბუნა გახდა ჩემთვის, რომლის საშულებითაც ჩემში დაგროვილ აზრებს ვახმოვანებდი სხვებისათვის. ესეც გატაცება იყო. რომელიც ნელ-ნელა პროფესიაში გადაიზრდა.

და აი ახლა მე კიდევ ერთხელ ვაქციე ჩემი გატაცება პროფესიად. ბლოგერი-მოყვარულიდან უნდა ვიქცე ბლოგერ-პროფესიონალად. იმედი მაქვს, რომ გამომივა. ამას თქვენ შეაფასებთ. ამას თქვენ მეტყვით.

როგორც ყოველთვის, მე ახლაც დიდი გზის დასაწყისში ვდგავარ.

Leave a Comment