დღეს, 2007 წლის 6 აგვისტოს, შესრულდა 16 წელი მას შემდეგ, რაც გაჩნდა სულ პირველი ვებ-საიტი — info.cern.ch. ტიმ ბერნერს-ლიმ (Tim Burners-Lee) შექმნა პირველი საიტი სწორედ ამ დღეს 1991 წლის 6 აგვისტოს და გამოაქვეყნა მასზე ახალი ტექნოლოგიის, World Wide Web (WWW)-ის აღწერილობა, რომელიც დაფუძნებული იყო მონაცემთა გადაცემის HTTP პროტოკოლზე, დამისამართების URI სისტემაზე და ჰიპერტექსტული დაკაბადონების HTML ენაზე.
საიტზე აღწერილი იყო ვებ-სერვერის დაყენების და მუშაობის პრინციპები. ეს გვერდი აგრეთვე გახდა მსოფლიოში პირველი ინტერნეტ-კატალოგი, ვინაიდან მასზე მოგვიანებით ტიმმა განათავსა სხვა საიტების ბმულები.
ყველა ინსტრუმენტი, რომელიც საჭირო იყო პირველი საიტის მუშაობისათვის, ბერნერს-ლიმ მოამზადა ჯერ კიდევ ადრე — 1990 წლის ბოლოს. გაჩნდა პირველი ვებ-ბრაუზერი WorldWideWeb ვებ-რედაქტორით, პირველი ვებ-სერვერი NeXTcube-ის ბაზაზე (ხომ არ გეცნობათ სახელი? ესეც ხომ სტივიკოს პირმშოა!) და პირველი ვებ-გვერდები.